გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, 9 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, საერთაშორისო კონფერენცია „Uniting Business Europe“ გაიმართება.
რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს ღონისძიებაზე, 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი კომპანიების წარმომადგენელი შეიკრიბება და კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესზე, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მდგრად დაფინანსებაზე, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებს.
მონაწილეები არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონფერენციაში მონაწილეობას გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები და დაინტერესებულ მხარეები, მათ შორის, ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები, ხელისუფლების მაღალი რანგის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.