საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, თუმცა საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.
„პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს. დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას. მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გრძელდებოდა სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ცხედრები იქნა აღმოჩენილი, ვიპოვეთ პირადი ნივთები და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ. პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ამასთან, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოწყობილია დამატებითი გზები, რომ მაშველებმა და ტექნიკამ სამძებრო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ.
„ამ დროისთვის მოწყობილია ორი მიმართულებით გზები. ე.წ. კალცის წყლების მიმდებარედ შუადღემდე უკვე ბოლომდე იქნება გზა შეყვანილი. უკვე შემდგომ აქაც აქტიური ფრონტი გაიხსნება საძიებო სამუშაოების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვეცდები, რომ სპეკულაციის საშუალება არ დავტოვო. პირველივე წუთიდან უმოკლეს ვადაში, რაც კი შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. ჩვენ როცა ჩამოვფრინდით, დავიწყეთ ევაკუაცია, დარჩენილმა მოსახლეობამ ღამე გაათენეს უსაფრთხო ადგილებზე. ეს იყო სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება თვითონ ამ ადამიანების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
შოვში მომხდარი სტიქიის გამო, 7 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღეა.