„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შინაგან საქმეთა მინისტრთან შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან არსებულ კითხვებს:
„საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე, ინტერპელაციის წესით მოგმართვათ შემდეგი კითხვებით:
1. მეწყრული და სხვა ბუნებრივი სტიქიების შედეგად ადამიანური დანაკარგის შემცირების საუკეთესო პრაქტიკის უმთავრესი კომპონენტი არის შესაბამისი ეროვნული მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობა. 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას, თქვენ განაცხადეთ: „დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს, მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს“. რატომ არ მოხდა აღნიშნული გაფრთხილების სისტემის დანერგვა, რომელსაც თქვენი და ხელისუფლების სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების განმარტებით გადამწყვეტი როლი შეეძლო ეთამაშა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დროს?
2. შოვში მეწყრული პროცესი განვითარდა 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე; საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს სამი საათის დაგვიანებით. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შოვში განვითარებული კატასტროფის საპასუხო სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმართვისას, ხელისუფლებამ ვერ დაინახა მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რა კონკრეტული ღონისძიებების და მათი ცალკეული თუ ერთობლივი ეფექტიანობის შეფასებით მიიღეთ მთავრობის სხვა შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილება?
4. რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან? რა სახის სამაშველო-სამძებრო ვერტმფრენებს ფლობს სახელმწიფო და აღჭურვილია თუ არა თანამედროვე საკომუნიკაციო, სანავიგაციო, მათ შორის ღამის ხედვის საშუალებებით?
5. 2015 წლის No2632 განკარგულებით დამტკიცდა ხელშეკრულება GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის – „ორი HUEY II-ის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის შესყიდვის“ შესახებ, რომელიც 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობის No2363 განკარგულებით გაუქმდა. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II”-ის) გრანტის წესით შესყიდვაზე? იყო თუ არა შსს ჩართული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა იყო სამინისტროს ოფიციალური პოზიცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.