თბილისში მრავალსართულიანი პარკინგები მოეწყობა. როგორც “ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, რამდენიმე ლოკაცია უკვე ცნობილია.
რკინიგზის სადგური, ფილარმონია, ისნის მეტროსა და თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ადგილებია, სადაც მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სწორედ ამ ადგილებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა.
მრავალსართულიანი პარკინგების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. დავით ნარმანიას თქმით, გადაწყდა, რომ დედაქალაქში 10 მრავალსართულიანი პარკინგი აშენდეს.
უახლოეს მომავალში, ამ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვაც გამოცხადდება.
”დასრულდა მრავალსართულიანი პარკინგების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თბილისის მერიამ ჩაიბარა აღნიშნული დოკუმენტი და ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება უახლოეს მომავალში. 10 ლოკაციაა შერჩეული საკმაოდ დატვირთული ადგილები, სადაც დიდია მოთხოვნა პარკინგებზე. ასე რომ, ამ ადგილებში აშენდება მრავალსართულიანი პარკინგები”, – განაცხადა ნარმანიამ.
ლოკაციებზე მშენებლობების დაწყების სავარაუდო თარიღს ჯერ–ჯერობით, მერიაში არ ასაჯაროვებენ.
თამთა უთურგაშვილი