თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის გამაგრება-რეაბილიტაციის ექვსთვიანი პროექტირების ეტაპი დასრულდა და უკვე გამოცხადდა შენობის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც გამარჯვებული კომპანია კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობაში იქნება კვების ობიექტი, მოეწყობა სოციალური სივრცე, ბიბლიოთეკა, ასევე, სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ახალი საცხოვრებლის ტერიტორია თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.