ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბელგიური მედიის 13 წარმომადგენელს უმასპინძლა.
პრესტურის ფარგლებში პოპულარული ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები საქართველოს შესახებ საერთაშორისო გამოცემებისთვის (Elle, Ken magazine, Marie-Claire, So Soir, De Standaard, Trends Style, Knack Weekend, Trends Tendance) სტატიებს მოამზადებენ. სოციალურ ქსელებში ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები განთავსდება. საქართველოს შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გავრცელდება.
ბელგიური მედიის წარმომადგენლები თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთს ესტუმრნენ, ქართულ სამზარეულოს, კულტურას, არქიტექტურას გაეცნენ და ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერეს. ტურის მონაწილეებისთვის მარნებში ღვინის დეგუსტაცია, პურის ცხობისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები მოეწყო.