LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წლიურ შეხვედრას მასპინძლობს

142
შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიური შეხვედრა გახსნა. ოთარ შამუგიამ საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე და ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თბილისში ვმასპინძლობთ ღონისძიებას, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის კიდევ ერთი კარგი პლატფორმაა. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წევრებთან ერთად ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გაუმჯობესებისთვის და, შესაბამისად, სავაჭრო ბარიერებთან მიმართებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა შამუგიამ.

შეხვედრას, საქართველოსთან ერთად, აღნიშნული ჯგუფის წევრი ქვეყნების – აშშ-ის, არგენტინის, ავსტრალიის, კანადის, ჩილეს, ურუგვაის, ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებიან.

წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა: მთავრობებს შორის სავაჭრო ხელშეკრულებები, ვაჭრობის მარეგულირებელი დოკუმენტები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაცია, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის ნორმები, ეტიკეტირება, პროდუქციის შეფუთვა, აგროქიმიური პრეპარატები, ღვინის დანამატები, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) რეზოლუციები და სხვა ის საკითხები, რომლებიც ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებასთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველო WWTG-ის თავმჯდომარე ქვეყანა უკვე მეორედაა. ეს სტატუსი მას ერთი წლის ვადით 2023 წლის მარტში, ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან გადმოეცა. თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო 1 მაისიდან შეუდგა. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფს საქართველომ პირველად 2014 წელს უხელმძღვანელა. WWTG-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტოა.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისთვის  ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g