ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარდგა. საკომიტეტო მოსმენა ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობასა და მიღწეული შედეგების დამსწრე აუდიტორიისთვის გაცნობას ეხებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 240-მდე სტარტაპია დაფინანსებული, მათი საქმიანობის შედეგად 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 500 მილიონ ლარამდე კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 42 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპების საქართველოში გადამზადებას უზრუნველყოფს. აქსელერაციის პროგრამა უკვე მიმდინარეობს. ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი ლარის მოცულობით, სადაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 25%-ს თანამონაწილეობითაა წარმოდგენილი.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს რეგიონებშიც ახორციელებს საგრანტო პროგრამებს და მხარს უჭერს რეგიონის მოსახლეობის ინოვაციური იდეების განვითარებას. საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, ჯამში, 80 პროექტი დაფინანსდა. ქვეყნის მასშტაბით ყველა ტექნოპარკი (ბათუმი, კასპი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ზუგდიდი, ოზურგეთი) სრული დატვირთვით მუშაობს და დაინტერესებულ პირებს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით არაერთ პროგრამას, ტრენინგსა თუ ვორქშოფს სთავაზობს. 2023 წელს დაგეგმილია ტექნოპარკის გახსნა სენაკში, 2024 წელს კი – ქუთაისში.
ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა IT ეკოსისტემაზეც. საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, საქართველოში 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა, რომელთაც, 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით 830 მილიონი ლარი გასცეს, ამასთან, შეიქმნა 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.