მძიმე სენთან ბრძოლისა და ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, მსახიობ სოსო ჯაჭვლიანს თურქმა ექიმებმა საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს. ამის შესახებ მისმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ ambebi.ge-სთან განაცხადა. მისივე თქმით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთიდან თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. რაც შეეხება მის მდგომარეობას, დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სიმსივნურმა კერებმა შემცირება დაიწყო.
„სოსო გუშინ ჩამოფრინდა თურქეთიდან. მას ექიმების კეთილი ნების გამო მიეცა საშუალება წამოსულიყო და გარემო გამოეცვალა. სოსო რამდენიმე თვეა, სტამბოლის კლინიკაშია, რაც გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
სოსომ რამდენიმე ქიმია გაიკეთა, შემდეგ საკონტროლო ანალიზები ჩაუტარდა და თურქი ექიმები კმაყოფილები არიან იმით, რომ მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – სიმსივნის კერები არა მარტო დაკონსერვდა, არამედ შემცირებულიც კია. მკურნალობა წარმატებით მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოსოს არ გამოუშვებდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ნოემბრის ბოლოს გამოეშვათ, მაგრამ ექიმებმა ჩათვალეს, უმჯობესი იქნებოდა, ადგილზე გაეკეთებინათ სამედიცინო მანიპულაციები.
იანვრის ბოლომდე თბილისში ჩაიტარებს ორ მანიპულაციას, შემდეგ პასუხებს გადააგზავნიან სტამბოლის კლინიკაში და იმის მიხედვით გადაწყვეტენ, რა იქნება საჭირო. როგორც ვიცი, საუბარია 2 მიმართულებაზე – შეიძლება გაუგრძელონ ქიმია, ან გადაიყვანონ აბებზე.
ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავს, ყველანი ჩართულები ვართ მის ამბავში, სახელმწიფოსგან, სამინისტროდან და მერიიდანაც აქვს მხარდაჭერა და ეს რომ არა, ბუნებრივია, ამ ხარჯებს ის ვერ გაწვდებოდა.
სოსოს უკვე ვესაუბრე, ბევრად პოზიტიური და საბრძოლო განწყობა აქვს, წონაშიც მოიმატა, დაახლოებით 5კგ.- მდე (53 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული და ამის ამოწევა ძალიან ძნელია). თურქ ექიმებს აქაური მკურნალობის პროტოკოლის აბსოლუტურად შეცვლა მოუწიათ. სოსო აღნიშნავს, რომ კლინიკაში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე მკურნალობს და რაც ყველაზე მეტად გულსატკენია, მათ შორის ბევრია ბავშვი. ბავშვების მშობლები მადლიერნი არიან იმით, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სრულად აფინანსებს, ლიმიტი შეუზღუდავია. ვინც იქ მკურნალობს, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან. ახლაც, სოსო და ირმა თბილისში რომ წამოვიდნენ, განსაზღვრული რაოდენობის სამკურნალო მედიკამენტები წამოუღეს მათ, ვინც იქ გადიოდნენ მკურნალობას და ახლა თბილისში აგრძელებენ.
სოსოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახურ გარემოში ყოფნა, თან ახალი წელია კარს მომდგარი. სხვათა შორის, ერთი თვეც არაა, მას შვილიშვილი, გოგონა შეეძინა მეორე ვაჟისგან, რომელიც სოსოს არც ენახა (რაც სამკურნალოდ წავიდა, მას შემდეგ გაჩნდა). დარწმუნებული ვარ სოსოზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს მისი დიდი საახლობლო წრე, იქეთ რაღაცას იხუმრებს… სოსოს ექიმებმა შეუქმნეს განწყობა, რომ ნოემბრის ბოლოს უნდა წამოსულიყო, მაგრამ რადგან კლინიკაში დარჩენა მოუწია, ამან მასზე ძალიან იმოქმედა, ეტყობა, ეჭვებში ჩავარდა, რომ საქმე რთულად იყო. ურჩიეს, შეგიძლია წასვლა, მაგრამ რადგან დინამიკა პოზიტიურია, ბარემ მას მივყვეთ და უმჯობესია დარჩეო. მაინც განიცადა…
ახლა ყველაფერი მასზე პოზიტიურად აისახება – ოჯახი, მეგობრები, შვილები, იუმორი, ყველაფერი წაადგება. სოსო ხომ ზოგადად ვაჟკაცი კაცია და არის საბრძოლო განწყობაზე, არ არის დათრგუნული.
რაც მთავარია, მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც გვერდში უდგას, გულშემატკივრობს, მადლიერია ჟურნალისტებისაც, მაგრამ იქ მაინც თავს იკავებდა კომენტარებისგან, მესმის მისი… სოსოს არასდროს ეკლდა მადლიერების განცდა, მაგრამ ამ ავადმყოფობის შემდეგ განსაკუთრებულად, რომ იტყვიან, ყველას მიმართ მადლიერებაში დნება, ვინც ამ ხნის განმავლობაში მას გულშემატკივრობდა. სადაც არ უნდა მოვხვდე, დღე ისე არ გავა, ადამიანები მაჩერებენ და მის მდგომარეობაზე მეკითხებიან. მეც ყველას ვინაობას ვეკითხები (ვიწერ ხოლმე), მერე სოსოს ვურეკავ და ვუყვები. ისე უხარია, ვერ წარმოიდგენთ, ეს მედიკამენტურ მკურნალობაზე არანაკლები თერაპია მგონია…“