პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ თბილისის მერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას კახა კალაძე ჟურნალისტებთან ეხმიანება.
მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე“.
„მამუკა ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა.
ეს რა ვიდეოა, ყველამ კარგად იცის. სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა და ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა. აქაც იკვეთება და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, 17 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ „მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო.“
აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერს პატივის, ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.