არიან ადამიანები, რომელთა გულწრფელი სიყვარული შენი ქვეყნის მიმართ კიდევ ერთხელ დაგაფიქრებს იმ სიმდიდრეზე, რომლის მფლობელიც ხარ და რომელიც ყოველდღიური რუტინის გამო ხშირად გავიწყდება. ამ ადამიანებს ძალუძთ, არათუ პირი გაბრუნებინონ შენი სამშობლოსკენ, იმაშიც დაგარწმუნონ, რომ ურთიერთობების სიღრმე ნიუანსებით იზომება.
დარპან (დარისპან) პრაშერი წარმოშობით ინდოელია. საქართველოში ორი ათეული წლის წინ ჩამოვიდა. დღეს თბილისში ცხოვრობს და სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას. საქართველოს სიყვარულმა იგი ორი კულტურის „დესპანად“ აქცია. ცოტა ხნის წინ კი მან მიზნად ქართული ღვინის ინდოეთის ბაზარზე შეტანა დაისახა.
დარპან (დარისპან) პრაშერი, არასამთავრობო ორგანიზაციის „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარე:
– ყველაფერი კულტურიდან იწყება. თავდაპირველად ინდოეთში ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები დამყავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ქართული კულტურის სრულყოფილად წარმოჩენა ღვინოს გარეშე წარმოუდგენელია. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ ჩამეტანა ქართული ღვინო ჩემს სამშობლოში, როგორ გადამელახა ის დაბრკოლებები, რომლებიც ამ თვალსაზრისით არსებობდა. ახლა უკვე ყველა ეტაპი გავლილია და ქართული ღვინის პირველი პარტია ინდოეთში მარტის დასაწყისში გაიგზავნება.
– კონკრეტულად რა დაბრკოლებები შეგხვდათ?
– ინდოეთი ტრადიციული ქვეყანაა და ალკოჰოლური სასმელი მისი კულტურის ორგანული ნაწილი არაა, შესაბამისად, ბევრი შეზღუდვა არსებობს, ინდოეთის ორ შტატში ალკოჰოლური სასმელი საერთოდაც აკრძალულია. საქართველოდან გასასინჯად ღვინის ნიმუშიც რომ წამეღო, მთელი რიგი პროცედურების გავლა იყო საჭირო, სასმლის დარეგისტრირების ჩათვლით. აი, სწორედ აქ დამეხმარა კულტურა – რამდენიმე ქართულმა ანსამბლმა გასტროლზე წამოიღო ქართული ღვინო და ასე შევძელით ინდოელებისთვის მისი დაგემოვნების შესაძლებლობა მიგვეცა. ვისკი და ლუდი ინდოეთის ბაზრისთვის უცხო არ არის, იწარმოება ღვინოც, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. უცხოური ღვინის შემოტანა კი საკმაოდ ძვირი ჯდება, ერთ ბოთლ ღვინოზე იმპორტის გადასახადი 160%-ით მატულობს. ამას ემატება აქციზი, შტატების მიხედვით სხვადასხვა გადასახადი, დღგ და ა.შ. შესაბამისად, პირობითად, სამდოლარიან ღვინოში მომხმარებელი საბოლოოდ 40 დოლარს იხდის. ამის მიუხედავად, ინდოეთში ღვინის მოხმარება ყოველწლიურად 7%-ით იზრდება, ეს კი ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით დიდი მაჩვენებელია. შარშან, მაგალითად, 32 მილიონი ყუთი უცხოური ღვინო გაიყიდა. ჩაფიქრებული მაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე ინდოეთში, მინიმუმ, 100 000 ბოთლი ქართული ღვინო ჩავიტანო.
– როგორ არწმუნებთ ინდოელებს, რომ ქართული ღვინო გასინჯვად და შესაყვარებლად ღირს?
– აქაც კულტურა თამაშობს დიდ როლს. ინდოეთს, როგორც დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას სხვაგვარად უნდა გააგებინო, უნდა მოუყვე, რომ საქართველოს ღვინის დაყენების 8000-წლოვანი კულტურა აქვს. ეს უფრო გაჭრის, ვიდრე რეკლამა, თუმცა ინდოეთში ალკოჰოლური სასმლის რეკლამა ისედაც იკრძალება. ეს გარკვეულწილად კარგია, რადგან საქართველო, ვთქვათ, საფრანგეთის მსგავსად, საკუთარი ღვინის პოპულარიზაციაში დიდ თანხას ვერ დახარჯავს, მაგრამ სამაგიეროდ ღვინოზე შეიძლება სტატიის დაწერა, მითითება იმისა, რომ ქართულ ღვინოზე საინტერესო სიუჟეტები მომზადებულა მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებების მიერ. ინდოელები, როგორც კი რაიმეს ისტორიით ინტერესდებიან, მასზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას მაშინვე იწყებენ.
– გარდა კულტურისა, რომელი სფეროებია ინდოეთისთვის საინტერესო საქართველოსთან სათანამშრომლოდ?
– მოგეხსენებათ, ინდოელი ინვესტორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ. საქართველოში ჯერჯერობით ასე არ აქტიურობენ, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია. ამჟამად საქართველოში ინდოელებს არმატურის ორი ქარხანა აქვთ, საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი დიდი აზოტის ქარხანა ინდოელმა იყიდა, ინდოელებს ასევე გახსნილი აქვთ სასტუმროები. ნელ-ნელა აქტიურდება ტურისტული მიმართულება. მას შემდეგ, რაც თბილისსა და დელის შორის რეგულარული პირდაპირი ფრენები დაიწყო კვირაში სამი სიხშირით, საქართველოში ინდოელი ტურისტების რაოდენობა ორჯერ, 70 000-მდე გაიზარდა. თუ ფრენები ყოველდღიური გახდება, ეს რიცხვი, ცხადია, კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ტურიზმიდან შემოსავლის გაზრდაც მოჰყვება.
– ინდოელ სტუდენტებზეც ვისაუბროთ და მათი მხრიდან სარგებელზე საქართველოს ეკონომიკისთვის.
– დღეს საქართველოში თითქმის 18 000 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ერთი სტუდენტი, საშუალოდ, 10 000 დოლარს ხარჯავს წელიწადში. ამ თანხაში შედის სწავლის გადასახადი, ბინის ქირა, პროდუქტები, მგზავრობის გადასახადი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე ბოლო წლების განმავლობაში ვხედავ, შიდა ტურიზმში დახარჯული თანხა. ნებისმიერ ინდოელ სტუდენტს რომ ჰკითხოთ, ნამყოფი იქნება ბორჯომში, მესტიაში, ბათუმში, კახეთში და ა.შ. ყველაფერთან ერთად, ამ სტუდენტებს საკუთარ ქვეყანაში საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩააქვთ. მათი მხრიდან ქართულ კულტურაზე, კულინარიაზე, ღვინოზე საუბარი ყველაზე დიდი რეკლამაა.
– პროდუქტები, რომლებიც ინდოეთიდან აქტიურად შემოდის ქართულ ბაზარზე.
– ყველაზე კარგად ქართველი მომხმარებელი ინდურ სუნელებსა და ჩაის იცნობს. საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთ პროდუქტს ორივე ენაზე ერთნაირი სახელწოდება აქვს, მაგალითად, ძირა, დარიჩინი…
– რომელ პროდუქტს ისურვებდით, რომ ჩვენ უკეთ ვიცნობდეთ?
– კურკუმას. ეს არის ნამდვილი წამალი. ინდოეთში ონკოლოგიური შემთხვევები ცოტაა. ეს იმით აიხსნება, რომ ინდოეთში ყველა კერძი კურკუმათი მზადდება. კურკუმას უკვე საქართველოშიც იცნობენ. მართალია, მას აქტიურად არ იყენებენ, მაგრამ ის ჯანმრთელობისთვის ნამდვილად სასარგებლოა.
– საუბარი უახლოესი გეგმით დავასრულოთ.
– ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინდოეთში ცეკვის, თუ სიმღერის ერთი-ორი ქართული ანსამბლის წაყვანას თუ ვახერხებდი წელიწადში, მაგრამ წელს განზრახული მაქვს, რომ ექვსი ქართული სხვადასხვა ჯგუფი ჩავიყვანო. იანვარში ქართულ-ინდური კულტურის ფესტივალი გავმართეთ, 8-14 მარტს კი გოაში თავისუფალი თეატრის დასთან ერთად მივემგზავრები და ინდოელ მაყურებელს შესანიშნავ წარმოდგენებზე დასწრების საშუალება ექნებათ.