საქართველოს ნაკრებმა წელს ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ტირანაში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს დაუზავდა. თუ ერთი შეხედვით ფრე მისაღები შედეგია, მეორეს მხრივ გულდასაწყვეტიცაა, რადგან ბოლო წუთებამდე საქართველო ორბურთიანი სხვაობით იგებდა და გამარჯვება სწორედ ბოლო წუთებში გაუშვა ხელიდან.
საფრანგეთში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა პატივსაცემად თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო. მანამდე კი ტრადიციულად შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი და ასევე ფრანგების სოლიდარობის ნიშნად “მარსელიეზა”…
ესტონეთთან წაგებული (0:3) თამაშის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ძირითად შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა.
დაიწყო თამაში და… მე-2 წუთზე გავიტანეთ. გიორგი ჭანტურიამ შესანიშნავად შეასრულა ჯარიმა და შეტევაში ჩართულმა ალეკო ამისულაშვილმა ახლო მანძილიდან რბილად გადაგზავნა ბურთი მეკარე ბერიშასგან შორეულ კუთხეში.
მე-5 წუთზე ალბანელმა ქომაგებმა მინდორზე პეტარდები გადმოყარეს, მერე აფეთქების ხმაც გაისმა…
შემდეგ სათამაშო უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო, თუმცა ჩვენს კართან საგოლე მომენტი არ შექმნილა. ერთადერთი ტაიმის ბოლოსკენ გაგვიტანეს, თუმცა საეჭვო ვითარებაში მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.
მეორე ტაიმში, მალევე კიდევ ერთი გოლო შევაგდეთ.
ჯაბა კანკავამ კარგად იარა და ჭანტურიას მიაწოდა, გიორგიმ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში შეაგდო – 2:0.
მეორე ნახევარის დიდ ნაწილში საქართველო მეტოქეზე უკეთესი იყო.
მაგრამ… 87-ე წუთზე – ბაშამ ერთი შეხებით დაარტყა და დაახლოებით 12 მეტრიდან ბურთი რევიშვილისგან ახლო, დაბალ კუთხეში გაიტანა.
ალბანელებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ და შეტევაზე გადმოვიდნენ. ციკალეშიმ დაახლოებით ისეთივე დარტყმა შეასრულა, როგორც ბაშამ, ოღონდ, უფრო ეფექტურად – საჯარიმოს ხაზთან მკერდით ჩამოიღო ბურთი და პირდაპირ დაარტყა. ისევ დაბალი კუთხე და 2:2.
სამწუხაროდ, საქართველო ასე ახლო იყო გამარჯვებასთან და ვერ შეირგო, არადა ეს ცხადაძის გუნდისთვის პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონცენტრაციას ბოლო წუთებზე ვკარგავათ და გოლ(ებ)ს ვუშვებთ. იმედია ჩვენები სხვა დროს მთელი 90 წუთი ითამაშებენ და არა 3-4 წუთით ნაკლებს.
ალბანეთი-საქართველო 2:2
16.11.15. ტირანა. ქემალ სტაფა. 8 000 მაყურებელი
გოლები: 0:1 ამისულაშვილი (2), 0:2 ჭანტურია (51), 2:1 ბაშა (87), 2:2 ციკალეში (90+3)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, დაუშვილი, ჭანტურია (90. კაკაბაძე), ყაზაიშვილი (81. კობახიძე), გელაშვილი (75. ცხადაძე).
სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, გველესიანი, ცინცაძე, ფოფხაძე, ბეგლარიშვილი, ფალავანდიშვილი, ჰუფნაგელი, ვაწაძე.
გაფრთხილება: ლობჟანიძე, ჭანტურია, ნავალოვსკი
https://www.youtube.com/watch?v=6BKsVW7YU_Q