23 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯუმბერ ამანათაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში ორი სიმღერის „საით მივყავარ ჩემს გზას“ და „არ გამამხელენ ჩემი თვალები“ პრემიერა შედგა.
ბატონო ჯუმბერ, დღეს ორი სიმღერის პრემიერა გვაქვს… აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ სიმღერას ძალიან საინტერესო სახელწოდება, „საით მივყავარ ჩემს გზას“ აქვს. მაინტერესებს, ეძღვნება თუ არა ვინმეს ეს სიმღერები?
დიახ, რა საკვირველია. აღნიშნული სიმღერა 1991 წელს დაიწერა. არანჟირების ავტორი გია მაჭარაშვილი გახლავთ, ლექსის ავტორი კი თავად მე გახლავართ. ჩაიწერა მერაბ მამულაშვილის სტუდიაში. მაშინ რა გრძნობებიც მქონდა, ის არის ჩაქსოვილი ამ სიმღერაში.
რა მდგომარეობა იყო მაშინ თქვენს ცხოვრებაში, რომ მსგავსი ლექსი დაიწერა?
ნამდვილად აღარ მახსოვს, ვინ მიყვარდა იმ წელს, რადგან მე ძალიან ბევრი ვიღაც მიყვარდა. ძალიან ბევრი გატაცება მაქვს და როგორც ჩანს, არ შემხვედრია ის პიროვნება, ვინც ყველას დამავიწყებს. ძალიან მიყვარს თითოეული ჩემი გატაცება, არავისთან არაფერს ვნანობ. მე სიყვარულით ვცხოვრობ და გავცემ ამ სიყვარულს.
როგორც ვიცი, ბევრს მოგზაურობდით, რომელია თქვენი საყვარელი ქალაქი?
პარიზი. ასე მგონია, ვითომ, მანდ დავიბადე და ვიცნობ ამ ქალაქს… რაღაც ჩემი მგონია. ვგიჟდები პარიზზე, ისე მიყვარს. ფანტასტიკური ქალაქია. სხვათა შორის, პარიზში ყოფნისას, ჩემი კუმირის, ედიტ პიაფის სასაფლაოზეც ვიყავი. ვცახცახებდი, ისე ვნერვიულობდი, რადგან იქ მსოფლიო ლეგენდა იყო დაკრძალული. კიდევ მარია კალასის, შოპენის საფლავებიც მოვინახულე. კითხვა-კითხვით მივაგენი მარტომ, თან ენა არ ვიცოდი, გერმანულად ვკითხულობდი.
ვისაუბროთ მეორე სიმღერაზე, „არ გამამხელენ ჩემი თვალები“ …
ეს სიმღერა, დაახლოებით, 2000 წელს დაიწერა. არანჟირების ავტორი პირადად მე გახლავართ. სიტყვებიც ჩემი გახლავთ. ჩაიწერა ბადრი ფილიშვილის სტუდიაში.
საერთოდ, ჩემი პრინციპი სიყვარულში ასეთია, მე უფრო ვმალავ სიყვარულს. თუ მე ვიღაცისადმი სიმპათია გამიჩნდა, კი არ მივვარდები და კი არ ვუხსნი სიყვარულს… მოვდივარ, ვჯდები ინსტრუმენტთან და ეს გრძნობა მაწერინებს სიმღერას… აქამდეც მითქვამს, რომ სიმღერას მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა შეყვარებული ვარ.
ჩვენ გვინდა, რომ სულ შეყვარებული იყოთ…
სულ ვარ, ქრონიკულად, სამკურნალო ვარ, მგონი. (იცინის)
როგორც მივხვდი, რომ არა სიყვარული, თქვენი შემოქმედება არ იქნებოდა…
ყველაფერი იწყება სიყვარულით… მე მგონი, ადამიანის არსებობის აზრი იმაშია, რომ სიყვარულში ვიყოთ და სიყვარული გავცეთ.
როგორია სამომავლო გეგმები?
აღარ ვსაუბრობ სამომავლო გეგმებზე იმიტომ, რომ ჯობია გავაკეთო საქმე, ჯერ გადავხტე და „ჰოპლა“ მერე ვთქვა. უახლოესი გეგმა ის არის, რომ კიდევ ჩავწერო ახალი სიმღერები და ახალი, ნიჭიერი თაობა აღმოვაჩინო.
მინდა ყველას ვურჩიო, რომ ახალი, სპეციალურად მათთვის შექმნილი სიმღერები შეასრულონ, იმუშაონ კომპოზიტორებთან.
თქვენი ძალიან ბევრი სიმღერა აქვთ ნანი ბრეგვაძეს და ეკა მამალაძეს, კიდევ ხომ არ გეგმავთ ერთობლივ ნამუშევარს?
ახალი სიმღერა უკვე არის, არანჟირების პროცესშია.
ჯუმბერ ამანათაშვილი – არ გამამხელენ თვალები
ჯუმბერ ამანათაშვილი – საით მივყავარ ჩემს გზას
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯუმბერ ამანათაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები