LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: როგორ შეხვდა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე სიმღერის საფეხბურთო ჰიმნად ქცევას: „ჩემს სიტყვებს ხალხი ყველგან მღერის… ფანებმა აიტაცეს ეს სიმღერა. მე და გია მაჭარაშვილი ძალიან ბედნიერები ვართ!..“

1748
ირმა სოხაძე

სიმღერა „გაიღიმე“, რომელიც 1991 წელს გია მაჭარაშვილმა და ირმა სოხაძემ დაწერეს, ახლახან თავიდან დაიბადა და ახალი სიცოცხლე შეიძინა. მას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები და ქომაგები ერთხმად მღერიან – სიმღერის მელოდია ერთ-ერთი ტელემარათონისთვის 1991 წელს გია მაჭარაშვილმა დაწერა, ხოლო ტექსტი – ათ წუთში ირმა სოხაძემ. ირმა ამ სიმღერას უფრო ნელი ვერსიით ასრულებდა, შემდეგ კი მერაბ სეფაშვილმა იმღერა საცეკვაო სტილში.

სიმღერის ისტორიას და საკუთარ ემოციებს, რაც გუშინ განიცადა, როცა მთელ სტადიონზე, გასახდელში, ქუჩებში მისი დაწერილი სიტყვები ისმოდა, ირმა სოხაძე fortuna.ge-ს უზიარებს:

ირმა სოხაძე:

ეს სიმღერა, რომლის მელოდიაც გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ხოლო ლექსი ჩემია, დაიწერა ერთ-ერთი ტელემარათონისთვის. დასკვნითი სიმღერა არ გვქონდა. სტუდიაში მივედი და ათ წუთში დავწერე ლექსი მელოდიისთვის, რომელიც გიას უკვე დაწერილი ჰქონდა. მე უფრო ნელი ვერსიით ვასრულებდი სხვა მომღერლებთან ერთად. შემდეგ ჰიტად იქცა მერაბ სეფაშვილის ვერსია, საცეკვაო, ძალიან კარგი ვერსია. მას შემდეგ მეც ძალიან ხშირად ვმღერი, ერთადაც გვიმღერია, მერაბი ხომ სულ მღერის.

როგორ იქცა ის ქომაგებისა და საქართველოს ნაკრების ერთგვარ არაოფიციალურ ჰიმნად?

ფანებმა აიტაცეს ეს სიმღერა. ისეთი კეთილი და მარტივი მისამღერია, მთელი გუნდი მღერის. ჩემს სიტყვებს რომ ხალხი ასე მღერის, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს? მეც და გიაც ორმაგად ბედნიერები ვართ… იმას, რაც ბოლო ორი მატჩის განმავლობაში მოხდა, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან, კარგ ზღაპარშიც ვერ წარმოვიდგენდი… ვერ წარმოვიდგენდი ასეთ კეთილ ბოლოს… 1991 წელს დაიწერა ეს სიმღერა. 33 წლის წინ…. პირველი მარათონი ამით დავასრულეთ. იცით, როგორ პოპულარული იყო? მერე, როგორც ხდება ხოლმე, მიავიწყდათ ეს სიმღერა. შემდეგ მერაბმა დამირეკა, ხომ არ ხარ წინააღმდეგი, რომ ვიმღეროო. გიამ გააკეთა ძალიან კარგი საცეკვაო არანჟირება. ამ სიმღერას კეთილი მუხტი აქვს. ჯადოსნური სიტყვებივით დავცადეთ. ჩემი დაწერილი სიტყვების მოსმენა ისეთი ბედნიერებაა, რომ მთელი საღამო ვტიროდი. ეს საღამო სიხარულით გავატარე. ვარ ძალიან ბედნიერი – გამარჯვებით და იმით, რომ ჩემი მცირე წვლილი მეც მაქვს ამ სიხარულის აღნიშვნაში. ქუჩაში მღეროდა ხალხი, კვარა რომ მაგიდაზე ახტა და მღერის, ეს ვიდეოც ხომ ნახეთ? ძალიან ბევრი კარგი ამბავი მოხდა… ხალხი სიხარულის ექსტაზში იყო. უნდა დავიჯეროთ, რომ ბოლო კეთილია…

სიმღერამ მართლაც თავიდან შეიძინა სიცოცხლე…

მე და გია მაჭარაშვილმა რამდენიმე კომპანიასთან გავაფორმეთ კონტრაქტი, თუმცა რასთან დაკავშირებით, ჯერ ვერ გაგიმხელთ. თავიდან დაიბადა ეს სიმღერა, როგორც ჩვენი ნაკრების ჰიმნი. ზოგჯერ დაწერ, იწვალებ და ჰიმნი გინდა იყოს, მაგრამ არ გამოვა. „გაიღიმეს“ შემთხვევაში კი ეს ბუნებრივად მოხდა. მე და გია ძალიან გახარებულები ვართ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g