თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა სრულად 15 მარტისთვის აღდგება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბარათაშვილის ხიდზე და მის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოებს კომპანია “ენსისი” აწარმოებს. ადგილზე მძიმე ტექნიკა და 35-მდე მუშა მუშაობს. დედაქალაქის მერმა კომპანიის ხელმძღვანელობას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების 15 მარტისთვის დასასრულებლად მითითებები მისცა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ხელშეკრულებით სამუშაოები 30 აპრილისთვის უნდა დასრულებულიყო. ხიდის რეაბილიტაციისთვის კი 1,970 მლნ ლარი დაიხარჯება.
“ბარათაშვილის ხიდზე მთლიანად მოძრაობა 15 მარტისთვის აღდგება. ეს ჩვენი კარტეგორიული და პრინციპული მოთხოვნაა, ისევე როგორც სამუშაოების ხარისხიანად შესრულება ყველა კომპანიასთან მიმართებაში უმკაცრესი მოთხოვნაა. პროექტების მონიტორინგს ვაწარმოებთ, რათა პროექტების მიმდინარეობის ვადიანობა შევამოწმოთ”, – აღნიშნა ნარმანიამ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გივი კუბლაშვილის განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად ბარათაშვილის ხიდი სრულად გარემონტდება და ახალ სახეს შეიძენს.