LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

A და B კატეგორია – ვის მოუწევს ტაქსის თეთრად გადაღებვა?

1325
Taxis_iStock

1 მარტიდან ტაქსებზე ვაუჩერების გაცემა დაიწყო და ოქტომბრიდან ყველა ტაქსი თბილისში თეთრი ფერი უნდა იყოს. ვაუჩერები შეღებვისთვის და ინტერიერის ქიმიური წმენდისთვის არის განკუთვნილი.

შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება იმ მძღოლებს აქვთ, რომლებმაც ტაქსით მომსახურების ნებართვა 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს.

ტაქსების თეთრად გადაღებვას მძღოლების ნაწილი არ ეთანხმება და აცხადებ, რომ ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ტაქსების თეთრად გადაღებვას დისკრიმინაციულ ქმედებად აფასებს.

როგორც ლაშა ჩხარტიშვილი „ფორტუნასთან“ განმარტავს, მას უკვე ბევრმა ტაქსის მძღოლმა მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მერიის მიერ გაცემული ვაუჩერი მანქანის გადასაღებად არასაკმარისია.

„კალაძე-ივანიშვილის მაფია, პირდაპირ რომ ვთქვათ, ცდილობს ინდივიდუალური ტაქსები ბაზრიდან გააძევოს, ამიტომ იგონებს, სხვადასხვა სახის უაზრო, უსაფუძვლო და უსამართლო  რეგულაციას ტაქსების ფერთან დაკავშირებით და ამ გზით ცდილობს გააძევოს ტაქსის მძღოლები და თავის კომპანიები გააძლიეროს,“ – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

 

 

მისი თქმით, ტაქსის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და იძულებით გადაღებვა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, არის უკანონო და დისკრიმინაციული ქმედება.

„არ ვაპირებთ, რომ ამ რეგულაციას შევეგუოთ, არც ჩვენ და არც ტაქსისტები და ვიბრძვით ამის გამო,“ – აცხადებს უფლებადამცველი.

ჩხარტიშვილი ტაქსებისთვის ტექინსპექტირების წელიწადში ორჯერ გავლაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, თუმცა, ესეც დისკრიმინაციული ქმედებაა.

„ასევე დისკრიმინაციულია ის, რომ ორჯერ უნდა გაიარონ ტაქსის მძღოლებმა ტექდათვალიერება და არა ერთხელ, როგორც სხვა მანქანებმა. მანქანა მანქანაა, საფრთხე ერთი და იგივეა,“ – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მისივე განცხადებით, ვაუჩერები რომლებიც ტაქსის მძღოლებისთვის, მანქანის გადასაღებად გაიცემა, არასაკმარისია.

„რომც ეყოს ვაუჩერზე არსებული თანხა, ეს მაინც იძულებაა. რეალურად, ვაუჩერზე დარიცხული თანხა არ ყოფნის სრულფასოვან და ხარისხიან გადაღებვას. იმისთვის, რომ მანქანის გადაღებვა ხარისხიანად მოხდეს, 2000 ლარამდე თანხაა საჭირო,“ – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„ფორტუნა“ რამდენიმე ტაქსის მძღოლს გაესაუბრა.

„ჯერ არ ამიღია ვაუჩერი, სანამ ოქტომბერი მოვა მანამდე გადავღებავ. ვაუჩერზე რა თანხაც არის, არ მეყოფა გადასაღებად, მაგრამ სხვა რა გზაა“

„სისულელეა და დამატებითი ხარჯის გაწევა მომიწევს. არ ვაპირებ გადაღებვას და  B კატეგორიის ტაქსი ვიქნები. ვიმუშავებ მარტო აპლიკაციით გამოძახებაზე“

„ჯერ ისედაც ტაქსაობ და შემოსავალი არ გაქვს ნორმალური და ახლა რასაც მუშაობ, იმასაც ეს მთავრობა გვართმევს. ნორმალურად რომ შევღებო, მაგათი ვაუჩერით გამოყოფილი თანხა არ მყონის, მომიწევს დავამატო. ფაქტიურად იძულებულს გვხდიან“

„ჯერ ვაუჩერი არ ამიღია. ოქტომბრიდან მომიწევს გადაღებვა, სხვა გზა არაა, ხომ უნდა ვარჩინო ოჯახი. კარგია თუ ყველა ტაქსი ერთი ფერის იქნება და გამართული იქნება. მთავრობაზე მეტად მე მინდა კომფორტული და გამართული ტაქსით მოვემსახურო ხალხს, მაგრამ არაა საშუალება და სხვებიც როგორ შეძლებენ, არ ვიცი“

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვაუჩერებისთვის საკმარისი თანხაა გამოყოფილი.

„ტაქსის მძღოლი თვითონ ირჩევს ოფიციალურად რეგისტრირებულ ნებისმიერ სამღებრო საწარმოს ან ინდმეწარეს. საწარმო ან ინდმეწარმე აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული, რომელიც ამ ვაუჩერზე მანქანის გადაღებვას განახორციელებს, შპს “ალმა” მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საწარმოს თანხას აუნაზღაურებს,“ – განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა.

 

 

არსებული ინფორმციით, ნებისმიერი ტაქსი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს მგზავრის გადაყვანას, აუცილებელია ჰქონდეს ტაქსით საქმიანობის ნებართვა. იქნება ეს A თუ B კატეგორია, ეს ტაქსის მფლობელზე და მის არჩევანზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ მაგალითად, თელავიდან ან ნებისმიერი სხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან, ტაქსის მძღოლს თბილისში მოყავს მგზავრი და შემოდის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარებში, ცხადია მას ნებართვის ქონა მოეთხოვება.

კონტროლს, მუშაობს თუ არა ტაქსის მძღოლი სრული წესების დაცვით – ამაზე ადმინისტრირებას საპატრულო პოლიცია და ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მოახდენს.

ვაუჩერით გათვალისწინებული თანხა, რომელიც ჩაერიცხება მომსახურების გამწევს, ანუ ავტომანქანის თეთრად ღებვის მომსახურების განმახორციელებელს, არის 700 ლარი, – ეს განცხადება ფორტუნასთან საუბარში შპს „ალმას“ იურისტმა ლადო ლომსაძემ გააკეთა.

ვაუჩერის მისაღებად მძღოლებს შეუძლიათ მიმართონ 5 სერვისცენტრს კონკრეტულ მისამართებზე. კერძოდ: ჭავჭავაძის 74 ბ (ს/ს „ვისოლის“ სათაო ოფისი), ისანი, ქ წამებულის გამზირი # 71 ის მოპირდაპირედ („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აღმაშენებლის ხეივანი ახმეტელისა და მიქელაძის ქუჩებს შორის („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), მტკვრის მარცხენა სანაპირო დიდუბის ავტოსადურიდან ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აკაკი ბელიაშვილის #125 (G Energy სერვისცენტრი),“ – განაცხადა ლადო ლომსაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მძღოლმა ვაუჩერის მიღება შეძლოს, საჭიროა სერვის ცენტრში წარმოადგინოს: ტაქსის ლიცენზია – მომსახურების ნებართვა, რომელიც გაცემულია 2018 წლის 11 ოქტომბრამდე; ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და მძღოლის პირადობის მოწმობა. მისივე განცხადებით, ვაუჩერის მოქმედების ვადა 2 თვეა.

თბილისის ვიცე მერმა უკმაყოფილო მძღოლებისთვის დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ყველა ის სირთულე, რაზეც ისინი საუბრობენ, თავის დროზე გაითვალისწინეს და ამ გარემოებების გათვალისწინებით, ტაქსის რეფორმის მოდელი შეიქმნა.

„ტაქსების რეფორმა არის ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ტაქსისტებისთვის. მოკლე და გრძელვადიან ჭრილში, ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, მომსახურების გაწევა მათთვის უფრო მეტად სარგებლიანი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ზოგად ჭრილში, რომ ვთქვათ, მიუღებელია ასეთი რეფორმის გაპროტესტება,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე მერი არ ეთანხმება მძღოლების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვაუჩერზე არსებული თანხა გადაღებვისთვის არასაკმარისია.

„ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ მანქანა სხვა შეკეთებებს საჭიროებს, ეს უკვე მძღოლის საქმეა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ვნახეთ, რამდენიმე გადაღებვა და დადასტურებულია ისიც, რომ ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი, სრულად ფარავს ტაქსისტებისთვის გარეგანი ღებვის ხარჯებს,“ – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

თბილისის მერმა განმარტა, რომ ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამტებითი ფინანსური სარგებელი.

“ტაქსების რეფორმის ფარგლებში თბილისის მერია მუშაობს ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის ოქტომბრიდან და სავალდებულო იქნება. თუმცა 1-ელი ნოემბრისთვის ეს სტანდარტი ცნობილი იქნება და ეცოდინება ლიცენზიის მქონე ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ტაქსის სერვისი გაწიოს.

აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძღოლებს დამატებით შემოსავალს შეუქმნის. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამტებითი ფინანსური სარგებელი. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის განსაზღვრა და იმ მძღოლებს, ვისაც ექნება ტაქსის ლიცენზია, საშუალება ექნებათ დამატებით შემოსავალი მიიღონ,” – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღბვას არავინ ავალებულებს და ტაქსების გადაღებვა მხოლოდ A კატეგორიისთვის არის აუცილებელი.

“არის ორი კატეგორიის ლიცენზია – A და B, მათ შეუძლიათ აირჩიონ. თუ აქვთ სურვილი, აიღონ A კატეგორიის ლიცენზია, მოუწევთ გადაღებვა და ამაში ერთ თეთრსაც არ დახარჯავენ, ასევე, ექნებათ შესაბამისი მანიშნებელი და წარწერა “თბილისი”. მათთვის ქალაქში, კონკრეტულ ადგილებში პარკირება უფასო იქნება.  A ლიცენზიის ტაქსის მძღოლები შეძლებენ საკუთარ ავტომობილზე რეკლამა განათავსონ და აქედან მიღებული შემოსავალი მათი საკუთრება იქნება. არის მეორე – B კატეგორია, რომელსაც შეუძლია არც მანქანა გადაღებოს, არც ტაქსის მანიშნებელი დააყენოს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში. კერძოდ, ტაქსი A და B კატეგორიებად დაიყოფა.

იმისთვის, რომ უფრო დაწვრილებით გაიგოთ, რა განსხვავება იქნება თბილისში მოძრავ A და B კატეგორიის ტაქსებს შორის, გთავაზობთ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს.

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/635172270274312/

პოპულალურები