რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში 16 ნოემბერს გაიმართება.
აბაშიძის თქმით, პრაღაში განსახილველი თემების თაობაზე ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს შესაბამის უწყებებთან, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
„პრაღის შეხვედრების დღის წესრიგი ითვალისწინებს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხების განხილვას. ჩვენ ამჟამად ვაწარმოებთ კონსულტაციებს ჩვენს შესაბამის უწყებებთან, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრაღაში განსახილველი თემების თაობაზე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც დადებითად აფასებენ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკასა და ძალისხმევას. რუსეთთან ურთიერთობების ყველაზე რთული საკითხები, მოგეხსენებათ, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში განიხილება. ეს ფორმატი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს,“ – განაცახდა აბაშიძემ.
პრაღაში 16 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო უწყებებისა და ტრანსპორტის სამსახურების წარმომადგენლები.
თავად ფორმატის ცვლილება, აბაშიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ იგეგმება.