საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ტუბერკულოზის ჰაერით განკურნებას არცერთი მეცნიერული კვლევა ან მტკიცებულება ადასტურებს. შესაბამისად, ის მითია და არა რეალობა:
“სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მუსირებს აზრი, რომ ტუბერკულუზის კლიმატით მკურნალობა სარგებლიანი და აუცილებელია. ეს შეიძლება ხალხისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ დაავადებას კურნავს წამალი. მოსაზრება, რომ ამის გარდა შეიძლება პაციენტს სხვა რამე ეხმარებოდეს, არის დამღუპველი”.
აქედან გამომდინარე, მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულები სად იმკურნალებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ქვეყანა გადასულია მკურნალობის მედიკამენტურ და თანამედროვე მეთოდებზე, მათ შორის ერთ-ერთია ამბულატორიული მკურნალობა: “მთავარია, მედიკამენტები იყოს სწორად მიცემული, ამბულატორიულადაც ეფექტური იქნება მკურნალობა. ვფიქრობთ, რომ უკეთესია პაციენტები მცირე დროის განმავლობაში იყვნენ სტაციონარში და იმკურნალონ ამბულატორიულად”.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აბასთუმანში ტუბერკულიოზით მკურნალობა შესაძლებელი აღარ იქნება და ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც აბასთუმანში შენდება, მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან. სამინისტროს ჯერ–ჯერობით არ აქვს გეგმები იმ ძველ შენობასთან დაკავშირებით, რომელშიც ჯერ კიდევ ტუბსაავადმყოფოა განთავსებული:
“დიდიხანია ვიცით, რომ ეს შენობა სამედიცინო მიზნებისათვის შეუთავსებელია და არც არასდროს გვქონია გეგმა, რომ სხვა მიზნით გამოგვეყენებინა. არც ახლა გვაქვს”.
ტუბერკულიოზის მკურნალობის მედიკამენტურ მეთოდებზე საუბრობენ ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებათა ეროვნულ ცენტრშიც, მისი წარმომადგენელი ნანა ქირია “სამხრეთის კარიბჭესთან” განმარტავს, რომ “მსოფლიომ ტუბერკულოზის სამკურნალოდ კლიმატოთერაპიულ მეთოდზე უარი თქვა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების სინთეზირების შემდეგ. დადგენილია, რომ კლიმატოთერაპია არ იწვევს ტუბერკულოზისაგან განკურნებას. განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომლებიც ანადგურებენ ტუბერკულოზის გამომწვევს ადამიანის ორგანიზმში”.
ცენტრის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, ბოლო წლებში ტუბერკულიოზით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ეს მკურნალობის ახალმა მეთოდებმაც გამოიწვია.
აღნიშნული ცენტრი 250 საწოლზეა გათვლილი და ახლა აქ 160 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ექვსი, რამდენიმე დღის წინ, აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოდან გადაიყვანეს.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, 2019 წელს ტუბერკულიოზის სამი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი ახალციხეში და ერთი ბორჯომში. სხვა მუნიციპალიტეტებში არცერთი შემთხვევა ფიქსირდება.
2018 წელს, სამ მუნიციპალიტეტში ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში 14 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ასპინძაში, ახალქლაქსა და ნინოწმინდაში არცერთი. ასპინძაში ბოლო სამი წელია, დაავადების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, დაავადების გამოვლენა შემცირებულია.
დღეისათვის, საქართველოში აბასთუმნის გარდა, ტუბერკულიოზზე სტაციონალური მკურნალობა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ტუბსაავადმყოფომ პაციენტების სტაციონალური მკურნალობა შეაჩერა და ამბულატორიულზე გადავიდა. აქ მყოფი 25 პაციენტიდან შვიდი სტაციონალში გადაიყვანა, ხოლო 18 ამბულატორიულ მკურნალობაზე.