მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, მუდმივად შეამოწმონ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი, რომ ინფორმირებულები იყვნენ, გაუქმდა თუ დაემატა აკრედიტებული პროგრამები – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩამონათვალს ემატება ან აკლდება აკრედიტებული პროგრამები, ამიტომ აბიტურიენტს მუდმივად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ხომ არ გაუქმდა მის მიერ არჩეული პროგრამა.
„ჩვენ აბიტურიენტის ცნობარში განთავსებული გვაქვს ის პროგრამები, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდა ცნობარის გამოქვეყნების მომენტში. ამ ცნობარის გამოქვეყნების შემდეგ პროგრამების ნაწილმა კიდევ მიიღო აკრედიტაცია და ისინი განთავსდა ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს დამატებით შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს, მაგრამ ასევე არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე პროგრამამ დაკარგოს აკრედიტაცია. აბიტურიენტი თუ ერთხელ დარეგისტრირდება და მერე არასდროს შევა ჩვენს ვებ-გვერდზე, შეიძლება მას ჰქონდეს სამი ისეთი პროგრამა არჩეული, რომლებსაც გაუუქმდათ აკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, მუდმივად შეამოწმონ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი, რომ ინფორმირებულები იყვნენ, გაუქმდა თუ დაემატა აკრედიტებული პროგრამები. სწორედ ამიტომ არის, რომ აბიტურიენტებს პროგრამების შეცვლა შეუძლიათ აპელაციების გამოცხადებიდან მეორე დღის ჩათვლით. ეს ვადა აგვისტოში მთავრდება”,- განაცხადა გორგოძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისს სურვილი 1100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ელექტრონული განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შავსო.