აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი, – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც არსებული ეპიდვითარება განიხილეს.
“აჭარაში Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 3000 მდე პირმა ჩაიტარა.
ფაიზერით ვაქცინაციისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ორი კაბინეტი დაემატება და ჯამში 12 კაბინეტი იქნება მობილიზებული.
ასევე, სინოფარმით ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს.
ქობულეთისა და ხელვაჩაურის 5 ამბულატორიაში დღეს უკვე დაიწყო სინოფარმი / სინოვაკით ვაქცინაცია.
მიმდინარე კვირას მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი დამატებით 4 ამბულატორიაში განხორციელდება.
დაიწყო პედიატრიული საწოლების მობილიზება. მოზარდებისთვის საწოლები მობილიზდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.
იგეგმება დამატებით ორი ახალი დაწესებულების კოვიდმართვაში ჩართვა, როგორც თერაპიული, ასევე რეანიმაციული მიმართულებით.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.