LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო, ზღაპრული სამყაროს გმირი გახდა, ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა, საკუთარ თავზე იმარჯვებს… გვიყვარხარ ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში“ – რატი ამაღლობელი არჩილ ბადრიაშვილზე

155
რატი ამაღლობელი

პოეტი რატი ამაღლობელი მწვერვალ შხელდაზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი 34 წლის ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი… ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!“ – მეგობრები ტრაგიკულად გარდაცვლილ არჩილ ბადრიაშვილს ემშვიდობებიან

„აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით უყვარდა ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“.

როცა პატარა აჩოს ვკითხე, თუ ვინ იყო ამ ნაწარმოებში მისი საყვარელი გმირი, მახსოვს პასუხმა მოულოდნელობისაგან გამაოგნა.

ველოდი „მანათობელი“ გმირების დასახელებას, მაგალითად არაგორნის, ლეგოლასის, ფროდო ბეგინსის, ან თუნდაც ჩემთვის საყვარელი გენდალფის.

მან კი მითხრა რომ უყვარს სემუეიზ გემჯი, გმირი, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მის გარეშე არაფერი გამოვა, ვერავინ მიაღწევს საწადელ მიზანს, ვერც ფროდო დაძლევს ოროდრიუნს, ბედისწერის მთას და მის ვულკანურ ლავაში ვერ გაანადგურებს ძალაუფლების ერთიან ბეჭედს. სემუეიზ გემჯის უანგარობა, მეგობრისთვის თავდედება და სუფთა გული აჩოს ცხოვრების წესად იქვა. ჩვენ ხომ საუკეთესო შემთხვევაში ჩვენი ბავშვობის ლიტერატურულ გმირებს ვემგვანებით.

„მთამსვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო – თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები“ – როგორ დაიწყო მთამსვლელობა და ვინ იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი

აჩოც ნამდვილი გმირი გახდა, ტოლკინის მომაჯადოებელი და ზღაპრული სამყაროს გმირი. მან ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა, საკუთარ თავზე იმარჯვებს, მთებში კი არა, საკუთარ შინაგანში მოგზაურობს.

მისთვის მთა მამის სამყარო იყო, მუდმივი რეფლექსიის უნარი კი დედის ალღო და ნიჭი. ახლა მარტო ნინოზე, ზურაზე და რუსკაზე ვფიქრობ, აჩოს თბილ და მყუდრო ოჯახზე, გამორჩეულ და ძვირფას ადამიანებზე, რომლებმაც აჩოს მისცეს ძალა და სიყვარული ყოფილიყო და შესძლებოდა ის, რაც მან 34 წლის ასაკში მოასწრო – გამხდარიყო მსოფლიოში სახელგანთქმული ალპინისტი, ოქროს წერაყინის მფლობელი, მსოფლიოს მრავალი გაუვალი მწვერვალისა და მარშრუტის აღმომჩენი და პირველგამვლელი.

საჭურველის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა, აჩო შხელდიდან პირდაპირ ელვის ნათელში შევიდა, არამარტო მთებისა და მწვერვალების, არამედ ცისა და ღრუბლების, ჭექა-ქუხილის კარიბჭეები შეაღო და მარადიულ სინათლეს შეუერთდა.

ვისაც მთა უყვარს დამეთანხმება რომ გულის სიღრმეში ასეთ სიკვდილს ყველა მთამსვლელი ინატრებდა, თუმცა ასე მხოლოდ ერთეულები მიდიან.

გვიყვარხარ აჩო, ჩემი შვილებისთვის მისაბაძო ადამიანო, ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში“, – წერს რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში.

„ის ბიჭი, მეხმა რომ ჩამოაცილა, კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც“ – მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილია

აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით უყვარდა ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებელი”. როცა პატარა…

Posted by Rati Amaglobeli on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე დღეს იპოვეს. მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები