LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აჩუქე სითბო, მარტოობას აქვს გამოსავალი” – როგორ ზრუნავენ ხანდაზმულებზე საქართველოში [ვიდეო]

კათარზისი

„რატომ მოხდა ასე, რომ ადამიანურობა, სითბო, სიყვარული, ჩახუტება, კოცნა, ყველაფერი დაიკარგა ჩვენს ქვეყანაში, არადა ჩემს ახალგაზრდობაში ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა. ვერაზე საღამოს რომ ჩამოვივლიდი, მთელი თბილისი ერთად შეკრებილი ისხდნენ და ღვინოს სვამდნენ, იქ იყო სითბო, სიყვარული და ახლა, ახლა აღარაფერია ამის მაგვარი, პირიქით, სულ ერთმანეთის ჭამაში ვართ და დამღალა ასეთმა ცხოვრებამ,“ – გრიგოლ პანიანი 93 წლის არის და ბოლო რამდენიმე წელია, რაც თბილისის „კათარზისში“ აქტიურად დადის. როგორც ის რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, სიბერე რთულია, რადგან ახლა სრულიად მარტო დარჩა ოჯახისა და მეგობრების გარეშე, ამ დარდით და ტკივილით უკვე წლებია ცხოვრობს, თუმცა, სიბერის გარეშე გარდაცვალებას არავის უსურვებს. თვლის, რომ სიბერეს თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა გრიგოლის თქმით, ბედნიერება მისთვის რამდენიმე წლის წინ დასრულდა.

გრიგოლს კამერის წინ გამოჩენა და სურათის გადაღება არ სურს, რადგან არ უნდა შვილის ან შვილიშვილების მეგობრებმა ნახონ, რომ „კათარზისშია“ საკვებად მისული. თვლის, რომ ამით თავის ახლობელ ადამიანებს გულს ატკენს. მისი მთავარი სატკივარი ახლა თანხების დეფიციტია, მას პენსიის მომატება უნდა ყველაზე მეტად, რადგან რაც ახლა აქვს, არ ჰყოფნის არც წამლებში, არც საკვებში და შვილებისა თუ შვილიშვილების გასახარებლად და კამფეტების შესაძენად. „შვილიშვილები მყავს და არ ვიცი რით ვარჩინო ისინი. ადრე პურის ფული მაინც მქონდა, ახლა ეგეც არ მაქვს. არ ვიცი, რა გავაკეთო… ადრე ვმუშაობდი და პენსიის თანხას ვამატებდი და ბავშვებს ტკბილეულით ვახარებდი, ახლა კი მეთვითონ დავდივარ „კათარზისში საჭმელად და ბავშვებზე როგორღა ვიზრუნო.“

ადამიანი, რომელსაც რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტი „კათარზისში“ ესაუბრა, თამამად ყვება ყველა თავის პრობლემაზე, რაც სიბერეს თან ახლავს, მხოლოდ ერთ რამეს მთხოვს, არ ვახსენოთ მისი სახელი და გვარი. ამის გამო რესპოდენტს პირობითი სახელი დავარქვით – მამუკა. ის 93 წლის არის და სრულიად მარტო ცხოვრობს, პენსია მთლიანად წამლებში და კომუნალურ გადასახადებში მისდის, რის გამოც ვერ ახერხებს საკვების შეძენას, სწორედ ამის გამო ხშირად „კათარზისის“ სტუმარია. მისი თქმით, ადრე საზოგადოება უფრო მეტად ერთიანი იყო, უყვარდათ ერთად ყოფნა, ოჯახებიც კი ერთად ცხოვრობდნენ, რაც ახლა დაკარგულია.

„დაკარგულია ერთად ცხოვრების სურვილი, ყველას ცალკე, თავისთვის უნდა ცხოვრება, მე კი ამაზე გული მწყდება, მინდა, რომ სულ ვიყო ჩემს ოჯახთან, თუმცაღა არავის სცალია ჩემთვის,“ –  გვიყვება ბატონი მამუკა.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვნახულობდით ვიდეოებს სოციალურ ქსელში, სადაც ახალგაზრდები მოხუცებს ეხმარებოდნენ, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. #აჩუქესითბო – ამ სლოგანით გაერთიანდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც წითელ ჯვართან ერთად, სოციალური კამპანია ჩაატარეს და რომლის მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, მარტოხელა ადამიანების ხვედრი და გაცნობოდნენ ამ ადამიანების ისტორიებს.

„აჩუქე სითბო, მარტოობას აქვს გამოსავალი,“  – ამ სლოგანით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმულების კიდევ უფრო მეტ დახმარებას და მეორე სოციალური ცენტრის შექმნას, სადაც ადამიანები გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ პოზიციებს სხვადასხვა საკითხზე, ამავდროულად, ხანდაზმულები შეძლებენ ხელსაქმის შესწავლას, გართობასა და რაც მთავარია, ადვოკატირების ცენტრის მეშვეობით, პრობლემების მოგვარებას.

როგორც წითელი ჯვრის რესურსების მობილიზების ოფიცერი თინათინ კიკაბიძე რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, ხანდაზმულების ისტორიები თითქმის, მსგავსია. ყველა მათგანი სიამოვნებით იხსენებს წარსულს, რომელიც მათთვის ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო, ახლა კი მარტო დარჩენილები თავად ებრძვიან იმ პრობლემებს, რომლებიც აქვთ.

„ხანდაზმულები ყვებიან, თუ როგორი წარსული ჰქონდათ, რას გრძნობდნენ, რა აქვთ მათ გადატანილი, მათი ისტორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ყველა მათგანს წარსული ულამაზეს პერიოდად ახსენდება და ახლა უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით. ეს კამპანიაც ამას ეძღვნება, რომ გავულამაზოთ ცხოვრება ამ ადამიანებს, შესაბამისად გავაკეთეთ ვიდეო რგოლები, თუ როგორი ხალისიანები ხდებიან დროთა განმავლობაში,“ -განაცხადა თინათინ კიკაბიძემ.

ხანდაზმულები კამპანიის განმავლობაში დადიან ექსკურსიებზე, ახორციელებენ პროექტებს, მღერიან, ცეკვავენ, ხალისდებიან, სწავლობენ ხელსაქმეს და რაც მთავარია, იცნობენ ახალ ადამიანებს, რომლებთანაც მეგობრდებიან, ურთიერთობენ და უზიარებენ სითბოს ერთმანეთს. კამპანიის განმავლობაში წითელი ჯვრის ორგანიზაციამ გადაიღო ვიდეო რგოლები, სადაც ასახულია ხანდაზმულების ისტორიები და ის, თუ როგორ ხდებიან ისინი დროთა განმავლობაში უფრო ხალისიანი.

როგორც თინათინ კიკაბიძემ განაცხადა, ეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა და თუ ამ ადამიანებს დაეხმარებიან, სულ მცირედითაც კი, ეს მათთვის დიდი გამარჯვებაა.

„ჩვენთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ეს არის. სიბერე ეს ყველაზე თბილი პერიოდია და გვინდა, ყველა ხანდაზმული ღირსეულად შეხვდეს ცხოვრების ამ პერიოდს და თავისი კუთვნილი სითბო კიდევ იმ ხანდაზმულებს გაუნაწილონ, რომლებიც ჯერ ვერ ბედავენ სოციალურ ცენტრში მისვლას,“ – განაცხადა  წითელი ჯვირის რესურსების მობილიზების ოფიცერმა.

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციამ კამპანია “აჩუქე სითბო, მარტოობას აქვს გამოსავალი” მეორედ ჩაატარა. წინა წელს ჩატარებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო, ორგანიზაციამ შეიძინა სოციალური ცენტრისთვის ერთი ბინა, ახლა კი მეორე ბინის საჭიროება აქვთ და საზოგადოებას სთხოვენ გაერთიანებას ამ იდეის ირგვლივ. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ხანდაზმულების პრობლემების მოგვარებასა და სოციალური ცენტრისთვის ბინის შეძენას.

 

 

ნუცა სალუქვაძე

magti 5g