საჩუქრის ჩუქება ყველასთვის სასიამოვნო და დადებითი ჟესტია ურთიერთობაში, ჩვენს ტრადიციაში მას განსაკუთრებული როლი უჭირავს დღესასწაულებზე. რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს საჩუქარს ბავშვებისთვის – ამ თემაზე ”ფორტუნას” ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია ესაუბრა.
”ხშირად მშობლებს მიაჩნიათ რომ ძვირადღირებული საჩუქრებით შვილებს განსაკუთრებით გაახარებენ, ცდილობენ მუდმივად მათი სურვილების დაკმაყოფილებას. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის ყიდულობენ ძვირადღირებულ სათამაშოებს, სმარტფონებს, სამოსს და ა. შ. ბავშვებმა, რომლების ადრეული ბავშვობიდან უზრუნველყოფილები იქნებიან ყველა სურვილის დაკმაყოფილებით, ძვირადღირებული საჩუქრებით, ზრდასრულ ასაკში შესაძლოა დაკარგონ ინტერესი სიახლეების მიმართ ან იყვნენ მუდმივ მოთხოვნილებაში გარშემომყოფების მიმართ. ეს ყველაფერი შესაძლოა საფუძვლად დაედოს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ პრობლემებს.
მნიშვნელოვანია მშობლის მიერ შვილისთვის შერჩეულ საჩუქარს ჰქონდეს სიმბოლური დატვირთვა, ასევე ემსახურებოდეს ბავშვის განვითარების ხელშეწყობას. შვილისთვის საჩუქრის შერჩევა უნდა მოხდეს მისი ასაკისა და საჭიროების გათვალისწინებით. ამიტომ არაა საჭირო პატარა ასაკში ბავშვისთვის ძვირადღირებული საჩუქრების გაკეთება.
ხშირად ბავშვები ითხოვენ მშობლებისგან საჩუქარს, რომელიც მის მეგობარს აქვს, ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობელმა აუხსნას შვილს საჭიროების შესახებ, ესაუბროს არის თუ არა შესაძლებელი ფინანსურად მისთვის ამ საჩუქრის ყიდვა. ბავშვმა უნდა მოგისმინოთ, უნდა დაელაპარკოთ შვილებს, აუხსნათ, რომ ყველა მათი სურვილი ვერ შესრულდება და შესაბამისად მოხდეს პრობლემის გადაჭრა.
ბავშვები საკუთარი მოთხოვნილებების მუდმივ დაკმაყოფილებას ეჩვევიან და უჩნდებათ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნები მშობლების მიმართ. შესაძლოა უარის მიღება მომავალში მშობლებთან დაპირისპირებისა და კონფლიქტის საგანიც გახდეს. მშობლის საჩუქარი არ უნდა ემსახურებოდეს შვილის მოთხოვნილების უპირობო დაკმაყოფილებას. საჩუქრის ჩუქების დროს აქცენტი არ უნდა იყოს გაკეთებული საჩუქრის ფასზე, მნიშვნელოვანია მისი სიმბოლური დანიშნულების ცოდნა ბავშვისთვის, თუ რისთვის და რატომ დაასაჩუქრეს ის.
ხშირად მშობელი შვილისთვის საჩუქარს ”დამსახურების” მიხედვით ყიდულობს. მაგალითად, თუ მოიქცევი კარგად, ისწავლი კარგად, მომიტან მაღალ ქულას, გიყიდი რასაც გინდა. ეს უკვე არასწორი მიდგომაა. ფორმა, რომელსაც შვილთან ურთიერთობისთვის შეარჩევთ არ უნდა ატარებდეს ასეთ ხასიათს. ბავშვისთვის ეს დასწავლადი ქცევაა. მაგალითად, თუ თქვენი შვილი მოიქცევა კარგად, მიიღებს მაღალ ქულებს, გაუკეთეთ მას სიმბოლური საჩუქარი და არა ის, რასაც თავად გეტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ეჩვევა ”ულტიმატუმის ენით” საუბარს და შესაძლოა მოგვიანებით თავად გითხრათ: ”ჯერ გამიკეთე რაც მინდა და მერე გავაკეთებ იმას, რაც შენ გინდა”.
მშობლები რომლებიც არიან დასაქმებული, ცდილობენ ბავშვებთან გატარებული მცირე დროის კონპენსირებას ძვირადღირებული საჩუქრებით. მნიშვნელოვანია შვილებთან გატარებული ნებისმიერი წუთის ეფექტური წარმართვა, საკუთარი ხელით ან შვილებთან ერთად დამზადებული ნივთების ჩუქება ერთმანეთისთვის, რაც ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ განვითარებას, ვინაიდან ისინი ეჩვევიან ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელოვნებასა და შრომით ღირებულებას”.
