მსოფლიო პატრიარქი, ბართოლომეოს პირველი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, „აცრა აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც, რადგან ის არამარტო გვიცავს, არამედ აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას“.
“ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ პატივი უნდა მივაგოთ ექიმებს, რადგან ისინი ღმრთის თანამოღვაწენი არიან; რომ მათი მსახურება მეტია, ვიდრე პროფესია.
„სულ ახლახან, ოთხი-ხუთი წლის წინ, იმ კრებაზე, რომელიც 2016 წელს კრეტაზე ჩავატარეთ, დადებითად ვისაუბრეთ მეცნიერების მიღწევებსა და სიკეთეზე, თუმცა, არც ის უგულვებელგვიყვია, რომ თანამედროვე ეპოქაში უკიდურესობამ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანებს გვევალება, ვიცოდეთ და გავავლოთ საზღვარი მეცნიერების დადებით მონაპოვარსა და უარყოფით გამოვლინებას შორის.
რამდენიმე წლის წინ სამსჯელო საკითხად იქცა კლონირება, რაც მეცნიერების უარყოფით მიღწევად ითვლება და მის მიმართ, ცხადია, თავშკავებულები უნდა ვიყოთ.
მაგრამ, დღეს, პანდემიის პირობებში, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ მედიცინის მუშაკთა რჩევები, მათი ფასდაუდებელი მსახურება და თავდადება და გამოვთქვათ კიდევაც მადლიერება მათ მიმართ. ისინი ხომ ავადმყოფებთან ერთად იტანჯებიან, ღამეებს ათენებენ, დღეებისა და კვირების განმავლობაში ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ.
რაც შეეხება აცრას, ის აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც. ვინაიდან აცრა მხოლოდ ჩენ კი არ გვიცავს, არამედ აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას. ამიტომ თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც დავიცვათ. ეს სოლიდარობისა და მხარდაჭერის საკითხია.
თუ საკუთარი ჯანმრთელობასთან ერთად ძმის ჯანმრთელობაზეც არ ვიზრუნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ გვიყვარს. ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს, ამას გვასწავლის ახალი აღთქმა, იოანე მახარებელი, რომელიც უფლის საყვარელი მოწაფეა, გვეუბნება, რომ მას ვისაც არ უყვარს საკუთარი ძმა, რომელსაც ყოველდღე ხედავს, არ შეიძლება უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს”. – განაცხადა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა.