LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია – როგორ უნდა მოვიქცეთ ცოფის წინააღმდეგ

12577
6929c861d94628adf441b3afeef88e48

ცოფი მწვავე  ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრის დროული ჩატარებაა. ცოფი არის ერთადერთი ინფექციური დაავადება, რომლის ლეტალური შედეგი არის 100-პროცენტიანი.

როგორც ხდება ცოფით ინფიცირება

ცოფი, როგორც წესი, დაავადებული ან ვირუსის მატარებელი ცხოველიდან გადადის ადამიანზე და ასევე, ადამიანიდან ადამიანზე. თუ ასეთმა ცხოველმა ადამიანი დაკბინა, დაკაწრა, ალოკა ჭრილობაზე ან დაზიანებულ კანზე, ცოფი ორგანიზმში ამ გზით შეაღწევს. ცოფის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს დაავადებული ცხოველის ნერწყვიდან და არა მხოლოდ თვალით შესამჩნევი ჭრილობიდან. ექიმების ერთადერთი რეკომენდაცია ასეთ დროს არის, დაზიანების შემთხვევაში, პირველ რიგში ჩამოიბანონ არეალი და ამის შემდეგ მიმართონ ექიმს.

ცოფის პირველი ნიშნებია ქავილი, დაკბენილი ადგილის მჭრელი და მწვავე ტკივილი. ასევე, თავს იჩენს უმადობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, პირღებინება, დეპრესია. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც მოიმატოს. ინფიცირებიდან მალევე შესაძლოა, ავადმყოფს წყლის, სინათლისა და ჰაერის შიში დაეუფლოს. ხდება ძალზე აგრესიული, უხვად გამოყოფს ნერწყვს. ამის შემდეგ კი დგება ლეტალური შედეგი.

რისი ნაკბენია საშიში

თითქმის ყველა ძუძუმწოვარი ცხოველის ნაკბენი შეიძლება იყოს საშიში. მიუხედავად იმისა, შინაურია ეს ცხოველი თუ არა. თუმცა, განსაკუთრებით, საშიში შეიძლება იყოს გარეული ცხოველი, მგელი, მელია, ტურა, რადგან მათ შემთხვევაში, მეტია ცოფის ვირუსის ცირკულაციის ალბათობა. როგორც ექიმი რაბიოლოგები აცხადებენ, სახლში მოვლილი და აცრილი ცხოველის ნაკბენის შემთხვევაშიც არ შეიძლება შინ გაჩერება და თავის დაზღვევის მიზნით, რეკომენდირებულია, ამ შემთხვევაშიც პაციენტმა მიმართოს ექიმს.

როგორც ექიმი-რაბიოლოგი ბადრი ბაზაევი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, ნებისმიერი ძუძუმწოვარა ცხოველის, იქნება ეს ძაღლი, კატა, ვირთხა თუ კურდღელი, ნაკბები, ნაკაწრი და დაზიანებულ კანის უჯრედზე დაავადებული ცხოველის დორბლის მოხვედრა არის საშიში.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ცხოველმა გვიკბინა

„ნებისმიერი ცხოველის ნაკბენის ან ნაკაწრის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. იმიტომ რომ ცოფის გარდა, იქ სხვა დაავადების საშიშროებაც შეიძლება იყოს. მაგალითად, კუს ნაკბენის ან გაკაწვრის შემთხვევაში, ცოფის საშიშროება არ დგება, მაგრამ შესაძლებელია ტეტანუსის აცრა გახდეს საჭირო. ამიტომ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. გარდა ამისა, პირველი, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ჩამოიბანოს საპნით დაზიანებული ნაწილი, შემდეგ კი დაიმუშაოს ანტისეპტიკური ხსნარებით. ამის შემდეგ კი აუცილებელია მიმართოს ექიმს. რაც უფრო დროულად გავაკეთებთ ამას, მით უკეთესია. ნაკაწრის ექიმის მიერ ნახვა იმიტომ კი არაა საჭირო, რომ მივხვდეთ ცოფიანი იყო თუ არა ცხოველი, არამედ იმიტომ, რომ შევაფასოთ ნაკაწრი, ლოკალიზაცია, გამოვკითხოთ რაღაცები ცხოველთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებ აცრასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა ბადრი ბაზაევმა.

 

სახლში მყოფი ცხოველიც საშიშია!

მისივე თქმით, კარგია, თუ ცხოველი აცრილია, თუმცა სახლში მყოფი შინაური ცხოველის ნაკბენის შემთხვევაშიც, აუცილებელია მიმართოს პაციენტმა ექიმს.

„ამ შემთხვევაში, ცოფის გარდა სხვა დაავადების საშიშროებაც შეიძლება იყოს, მაგალითად ტეტანუსის. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ცხოველი ჯანმრთელია თუ არა. პირველ რიგში, ნაკაწრი უნდა ინახოს და უნდა შეფასდეს დაზიანების ხარისხი. იმ ქვეყნებში, სადაც ცოფის კერა არის და საქართველო ითვლება ცოფის კერად, არ აქვს მნიშვნელობა ცხოველი აცრილია თუ არა, დაზიანება რომ შეფასდება თუ ცოფის საშიშროება  ჩაითვლება რომ არის, შეიძლება აცრა მაინც გაკეთდეს და ცხოველზე დაკვირვება არ დავიწყოთ.  ცხოველები უნდა ავცრათ, მაგრამ ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. ცოფისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება არის აცრა,“ – აცხადებს ექიმი-რაბიოლოგი.

როგორია ცოფის მკურნალობის კურსი

გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, მათ შორის, ცოფის მკურნალობაც, წყდება ინდივიდუალურად.

სრული კურსი მოიცავს 5 ინექციას და ის 28 დღეში სრულდება. არ აქვს მნიშვნელობა პაციენტის ასაკს, წონას, მომართვის ვადასა და დაზიანების ხარისხს.

აცრა, ცხოველის ყოველი დაკბენის დროს აუცილებელია!

„ყველა საეჭვო შემთხვევაში, პაციენტმა ყოველ ჯერზე უნდა მოგვმართოს. ყველაზე საშიშია, ნაკბენები თითებზე, სახეზე, სასქესო ორგანოებზე.  გარდა ამისა, ცოფის დაავადებას და ვირუსის გავრცელებას სეზონურობა არ ახასიათებს. უბრალოდ, ადამიანები ზაფხულში უფრო გახდილები, არიან ცხოველებიც უფრო გამოსულები არიან გარეთ და ხშირად ხდება კონტაქტი,“ – აღნიშნა ბადრი ბაზაევმა.

„ფორტუნამ“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მოითხოვა ინფორმაცია, ცოფის ვაქცინაციის შესახებ.

მიღებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ცოფის საწინააღმდეგოდ  ვაქცინირებულთა რაოდენობა: 2017 წელს იყო – 45794, 2018 წელს – 53558, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით – 31307 ადამიანი.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს თვეების მიხედვით: იანვარში – 3281 ადამიანი აიცრა, თებერვალში – 3057, მარტში – 3603, აპრილში – 4034, მაისში – 4946, ივნისში – 5799, ხოლო ივლისში – 6587.

magti 5g