უცხო ენების ცოდნა, სხვა უპირატესობებთან ერთად, ადამიანს აძლევს საშუალებას უფრო დიდხანს დარჩეს ახალგაზრდა და ჯანმრთელი. ისინი, ვინც მხოლოდ საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბრობენ, ნაადრევად ბერდებიან. ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი, მათ შორის ესპანეთის ბასკეთის ცნობიერების, ტვინისა და ენის ცენტრის სპეციალისტები.
27 ევროპული ქვეყნიდან, 80 ათასზე მეტი 51-დან 90 წლამდე ასაკის ადამიანის მონაცემების ანალიზის შემდეგ, მკვლევრებმა შეისწავლეს, იყო თუ არა მათი ასაკობრივი დაბერების სიჩქარე მოსალოდნელზე უფრო სწრაფი თუ ნელი; ბუნებრივია, ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის ფაქტორების გათვალისწინებით. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც არც ერთ უცხო ენას არ ფლობდა, დაჩქარებული დაბერებისკენ იყვნენ მიდრეკილი. საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც ადამიანის ბიოლოგიური ასაკი აღემატება მის ქრონოლოგიურ ასაკს – იმ წლებს, რაც რეალურად აქვს გავლილი. ეს ასაკობრივი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.
ხოლო ერთზე მეტი ენის მცოდნე ევროპელებში სწრაფი დაბერების ალბათობა საშუალოდ ორჯერ ნაკლები იყო.
ამასთან, ნაადრევი დაბერების ალბათობაზე გავლენას ახდენდა ისიც, რამდენი უცხო ენა იცოდა კონკრეტულმა ადამიანმა. თითოეულ დამატებით ენასთან ერთად, რომელზედაც ცდისპირები საუბრობდნენ, დაბერება დროთა განმავლობაში ნელდებოდა – მიუხედავად მათ შორის რაიმე სოციალური, ეკოლოგიური ან პოლიტიკური განსხვავებებისა.
მეცნიერები ამბობენ, რომ უცხო ენების ცოდნა კოგნიტიური შესაძლებლობების დაქვეითების პრევენციაა; ის აძლიერებს ნეირონულ ქსელებს, რომლებიც ასაკთან ერთად, როგორც წესი, სუსტდება.
ბევრი ენის ცოდნა ასევე აძლიერებს სოციალური კავშირებს და ხანდაზმულთა ემოციურ მდგომარეობას. სხვა ენაზე საუბრის გამოცდილება ამცირებს სტრესს, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, უკეთეს მეტაბოლიზმსა და იმუნიტეტს. სავარაუდოდ, ეს მექანიზმი მრავალ დონიანია – იგი გავლენას ახდენს ბიოლოგიურ, ნეირონულ, კოგნიტიურ და სოციალურ ფაქტორებზე, რომლებიც ერთად ზრდიან ორგანიზმის გამძლეობას დაავადებების მიმართ.
საინტერესოა, რომ ამჟამად ევროპაში შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 75% ერთ უცხო ენაზე მაინც საუბრობს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა ხელს შეუწყობს უცხო ენების უფრო ფართო შესწავლას ყველა ასაკის ადამიანებში – არა მხოლოდ ჯანმრთელობის პოტენციური სარგებლის გამო, არამედ სოციალური მიზნებისთვისაც, მით უმეტეს, რომ მარტოობა და იზოლაცია ფართოდ გავრცელებული პრობლემებია.