LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები სიკვდილის სამსახურში – რა ბედი ეწევა მაღაროს, მეშახტეებს და გამოძიებას

241

ბოლო სამ წელიწადში საქართველოში სამუშაოს შესრულებისას 147 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულ პირთა რაოდენობა კი 272-ია – ინფორმაცია “ფორტუნამ” შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

2015 წელი – 81 დაშავებული, 42 დაღუპული, გამოძიება დაიწყო 101 შემთხვევაზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო  17 შემთხვევაზე, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაზე.

2016 წელი – 85 დაშავებული, 58 გარდაცვლილი, გამოძიება დაიწყო 131 შემთხვევაზე, 14 –ზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, 47 საქმეზე გამოძიება შეწყდა.

2017 წელი – 106 დაშავებული, 47 დაღუპული, გამოძიება დაიწყო მხოლოდ 128 შემთხვევაზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 12 საქმეზე, 37 კი შეწყდა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზოგიერთ შემთხვევაზე გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა, 419 შემთხვევიდან დამნაშავე პირები მხოლოდ 43 შემთხვევაში გამოვლინდნენ. საერთო ჯამში გამოძიება 360 შემთხვევაზე დაიწყო, თუმცა, მათგან 128-ზე საქმე შეწყდა.

მას შემდეგ სიკვდილის სამსახურში ადამიანები კიდევ იმყოფებიან – 16 ივლისი, ტყიბული –  4 დაღუპული და 6 დაშავებული. წინასწარი ინფორმაციით,  მინდელის შახტში მეთანი აფეთქდა, რასაც შახტის ჭერის ნგრევა მოჰყვა. გამოძიება ამჯერადაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. მედიაში უკვე ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ გამოძიების პროცესში ორი პირის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, რომლებსაც ბრალს წაუყენებენ. ამ თემაზე კომენატრს უწყებაში ამ დრომდე არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, ზემოთ მოცემული სტატისტიკა მოწმობს, რომ გამოძიების შედეგი იშვიათ შემთხვევებში იდება და პასუხისმგებლობაც კიდევ უფრო იშვიათად დგება. მანამდე ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილს მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა.  ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არაფერია.

დალუქულ შახტებში სარემონტო სამუშაოების განახლების მოთხოვნით, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ ბრძანება გამოსცა. მეშახტეები კი, შახტში ჩასვლას არ აპირებენ.

ისინი აცხადებენ, რომ შახტის ადმინისტრაცია დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს და შახტში მანამდე არ შევლენ, ვიდრე უცხოელი ექსპერტები მუშაობას არ დაასრულებენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ შახტში არ განახლდება ქვანახშირის მოპოვება, თუმცა დავით სერგეენკოს თქმით, აუცილებელია განახლდეს შახტის მოვლის სამუშაოები.

შახტის მოვლის სამუშაოები გულისხმობს, რომ შახტა თუ სრულ ფუნქციაში არ არის, მაგალითად, თუ არ არის ვინტილაცია და არ განიტვირთება ამ აფეთქებასაშიში გაზებისგან უბრალოდ ავარიული იქნება. თავის პროტოკოლი აქვს და  ახლა მიმდინარეობს შახტის მოვლის სამუშაოები, რომლის გარეშეც არაფრით შეიძლება,-განაცხადა სერგეენკომ.

წერილი, სადაც წერია, რომ შახტში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაატარონ, მეშახტეებმა კომპანიის ხელმძღვანელებისგან დღეს მიიღეს. მათი თქმით, წერილის თანახმად, ორ კვირაში ქვანახშირის მოპოვებაც უნდა დაიწყონ.

წარმოგვიდგინეს დოკუმენტი, 17 რიცხვის ბრძანებაა, რომ გაგვეგრძელებინა დღეიდან მუშაობა. სამხარეო პოლიციის დასკვნა მოიტანესრომ უფლებას აძლევს შევიდნენ სამუშაო ადგილებზე. ფარატინა ქაღალდია. თავმოყვარეობაც არ აქვთ, რომ ბიჭები არ დასაფლავებულან, იქ სისხლია და ჩვენ გვამუშავებენ,”ამბობს მეშახტე.

მეშახტეები პრემიერმინისტრის განცხადებას იხსენებენ, სადაც მამუკა ბახტაძე აღნიშნავდა, რომ შახტი გამოძიების დასრულებამდე უნდა დაილუქოს. ისინი აცხადებენ, რომ სხვა არცერთ განკარგულებას არ დაემორჩილებიან.

წინა აფეთქების დროს ჩამოიყვანეს უკრაინიდან დამკვირვებლები. ხალხი გაოგნებული გამოვიდა, რა  აზრი ჰქონდა ჩვენს ჩამოყვანას, როცა კვალი დაფარული იყო. კიდევ არ დაისჯება ვინმე, სკამები, რომელზეც სხედან , სისხლით არის მოსვრილი, სირცხვილია უკვე,“-ამბობს მეშახტე.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ გამოცემული ბრძანება პრემიერმინისტრის განცხადებას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, თუ მეშახტეები არ გამოცხადდებიან, მათ ადმინისტრაცია გაცდენილ დღეებს არ აუნაზღაურებს. 

„ჩვენი კანონმდებლობით, ნებისმიერს აქვს უფლება, არ იმუშაოს, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება,“ – აცხადებს ლიპარტელიანი.

პროფკავშირები მოუწოდებს პრემიერს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს სამხრივი კომისიის სხდომა, სადაც მიმდინარე წლის აპრილში პროფკავშირის მიერ შახტებთან დაკავშირებით მოთხოვნებს განიხილავენ.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა და აღნიშნა, რომ შეჩერებული იქნება ნედლეულის მოპოვება, თუმცა შახტში პრევენციული სამუშაოების მიმდინარეობა საჭიროა.

სამუშაოებს ვგულისხმობთპრევენციები უნდა გავატაროთ ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების საწინააღმდეგო, გაჩერებულ შახტას უნდა მოვლა უფრო მეტადვიდრე მომუშავეს. აქ მუშები არ იქნებიან. იქნებიან წყალსაქაჩზემოგეხსენებათ 350-400 კუბის შემოდინება ხდება საათში, ეს თუ არ ამოვიღეთ, დაგვეტბორება. მხოლოდ და მხოლოდ სრულდება წყლის ამოღება და უსაფრთხოების პრევენციის გატარება – აცხადებს ჯაყელი.

რაც შეეხება გუშინ გამოცემული განკარგულების შინაარსს, ჯაყელი ამბობს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ჯაყელი ადასტურებს, რომ წერილში საუბარი იყო არა მხოლოდ პრევენციულ სამუშაოებზე, არამედ ქვანახშირის მოპოვებაზეც.

უკლებლივ ყველა თანამშრომელი“- ბრძანება შეიცვლება. იმიტომ, რომ ცოტა გაურკვევლობაში აღმოვჩნდით ჩვენ. გამოძიებამ კი მოგვწერა ორკვირიანი და მხოლოდ ნახშირის მოპოვება და ფაქტობრივად დღეს მაინც არ მიმდინარეობს არავითარი მუშაობა და გავაგრძელებთ  ასე,” – ამბობს ჯამბულ ჯაყელი.

კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება. ჯამბულ ჯაყელის თქმით, შახტში აფეთქებისას ხალხი სათანადო მანძილზე არ გაიყვანეს.

„არ მოხდა აფეთქების ზონიდან ხალხის სათანადო მანძილზე გაყვანა. ცვლის უფროსის, ცვლის ინჟინრის, უსაფრთხოების ინჟინრისა და ამფეთქებლის ოსტატის შეცდომა იკვეთება, რადგან არ იყვნენ დარწმუნებული აფეთქების უსაფრთხოებაში,“ – განაცხადა ჯაყელმა.

მისივე თქმით, „საქნახშირის“ ადმინისტრაცია მზადაა, დააკმაყოფილოს მეშახტეების მოთხოვნა და თანამდებობიდან გაათავისუფლოს შახტის თანამშრომლები.

მეშახტეები კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ქარქაშაძის, შახტის მთავარი ინჟინრის, გიზო კირკიტაძისა და შახტის მენეჯერის, აკაკი ახვლედიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი პარლამენტარი, ქრისტიანდემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით შახტებში და მაღაროებში გარდაცვლილია 61 ადამიანი, მძიმედ დაშავებულია – 55, საიდანაც ტყიბულში გარდაცვლილთა რაოდენობა 35, ხოლო მძიმედ დაშავებული 24-ია.

ტყიბულის შახტაში ყოველი აფეთქების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში სამძიმართან ერთად, ფაქტის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. 16 ივლისს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ტყიბულის მაღარო უნდა დაიხუროს მანამ, სანამ იქ სათანადო პირობები არ იქნება დაცული. მმართველი გუნდის ამ განცხადებებს „საქნახიშირის“ განცხადება მოჰყვა, ტყიბულის მაღაროების მფლობელი კომპანია ამბობს, რომ უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში 13 მილიონი უკვე დახარჯა და დამატებით ინვესტიციას ვეღარ მოახდენს. ამიტომ მზად არის, შახტი უსასყიდლოდ დათმოს. თუ ქვანახშირის მომპოვებელი საბადოების ნაციონალიზაცია მოხდება, მაშინ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მის მართვასა და 1500 ადამიანის დასაქმებაზე.

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g