ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა. ამასთანავე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58 პროცენტი), რუსულ სამხედრო აგრესიას (49 პროცენტი) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44 პროცენტი) ელის.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ გიორგი კეპულაძესთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა ისაუბრა.
– ახალი არაა, რომ ყველანაირ კვლევაში მთავარი 3 საკითხი, რაც მოქალაქეებს აწუხებს არის ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე. მთლიანობაში ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები, თუმცა სიახლე იყო ერთ-ერთი კითხვა, თუ რამდენად ჰყოფნით ადამიანებს შემოსავალი, თვიდან-თვემდე თავის გასატანად, სადაც თითქმის ყოველი მესამე ამბობს, რომ მათ ოჯახის გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნით თანხა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა „არნახული ტრაბახით“ არის დაკავებული და მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, კვლევები სხვა რამეს გვაჩვენებს.
-საქართველოს მოსახლეობისთვის ყოველთვის, ეკონომიკური პრობლემები პირველ ადგილზეა NDI-ის ყველა კვლევაში და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. არც იმ მონაცემებში არაა არაფერი უცნაური სამწუხაროდ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობის 1/3-ს ძალიან ხშირად არ აქვთ საჭმელი. ფიქრობენ იყიდონ, შეიკავონ თავი თუ არა და ა.შ. აქ საუბარია ელემენტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და არა რაღაც ფუფუნებაზე, მაგ: მანქანის ყიდვაზე ან სამოგზაუროდ წასვლაზე. ადამიანებს არ აქვთ საჭმელი და თუ ისინი მიდიან ამ ქვეყნიდან, მიდიან სამუშაოდ და თან ძალიან ცუდი მარშრუტებით. ეს არის რეალური ეკონომიკური მდგომარეობა და არა ის, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
– პოლიტიკასთან კავშირი გამოჩნდა ზუსტად იქ, რომ მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკური მომავლისადმი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი. გამოკითხულთა 66% ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელის. მომავლისადმი ნიჰილისტური და პესიმისტური დამოკიდებულება ხომ არ აჩვენებს, რომ სწორედ მთავრობის მიმართ არის უნდობლობა და მათი ეკონომიკური პოლიტიკისადმი?
-სხვათა შორის მთავრობისადმი უნდობლობას ამხელა პროცენტი არ აქვს, ეკონომიკურ პესიმიზმს, მაგრამ ესეც ლოგიკურია, რადგან პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიებს ხალხი ხმამაღლა ვერ ამბობს, განსაკუთრებით თუ ეს სატელეფონო ინტერვიუებით ხდება, რადგან ეშინიათ, ისმინება მათი საუბრები.
რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, რომ უმუშევრები არიან და საჭმელი უჭირთ – აქ უფრო გულწრფელები არიან. იმიტომ არის ამხელა მონაცემები ყოველთვის ეკონომიკურ ნაწილში.
ქვეყნიდან გასული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლიათ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი და მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ იმედი აღარ აქვთ, რომ საქართველოში რაღაც გამოსწორდება, ამიტომ მიდიან მასობრივად. ეს პესიმიზმი ძალიან ცუდია ეკონომიკისთვის ზოგადად და საშუალოვადიან პერიოდშიც ძალიან ცუდად აისახება ეს უიმედობა.
– არამხოლოდ მმართველი ძალის მიმართ, არამედ ოპოზიციის მიმართაც გარკვეული უნდობლობაა. არ სჯერა ხალხს, რომ ვინმე მათ მდგომარეობას გამოასწორებს და პოლიტიკოსების დღის წესრიგში რამდენად არის მოსალოდნელი ეკონომიკური თემების წინ წამოწევა. ხშირად შეიძლება უფრო მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის მომხრე ადამიანები ვერჩით ხოლმე, რომ სოციალურ მოთხოვნებს რომ პირველ ადგილზე აყენებენ და მხოლოდ პენსიის გაზრდაზე მიდის წინასაარჩევნო დაპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა კვლევა ეუბნება პოლიტიკოსებს, რომ მათ პირველ რიგში მოსახლეობას მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ესაუბრონ.
-ასეთი რეალობაც გვაქვს, რომ პოლიტიკოსები აცდენილები არიან ხალხის საჭიროებებს. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება მიმდინარე ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფროა, ვიდრე ოპოზიციის. ოპოზიცია შეიძლება დაჰპირდეს ხალხს რაღაცებს, მაგ. 500 ლარიან პენსიას მოგცემთ, შემდეგ ვერ გაიმარჯვონ და თქვან ვერ გავიმარჯვეთ და ვეღარ გაძლევთო, მაგრამ მიმდინარე ეკონომიკურ პრობლემებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო მეტია.
რა თქმა უნდა, ყველა ვისურვებდით ნორმალური პოლიტიკის წარმოებას ამ ქვეყანაში და იმას, რომ საარჩევნო პროგრამები იყოს თემატური, სადაც ეკონომიკური პრობლემები წინა პლანზე წამოწეული და არა უბრალოდ, რაღაც პერსონალიების დაპირისპირება მხოლოდ.
– მე ვფიქრობ, რომ ზოგადად პესიმიზმი და ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკურ პროცესთან კავშირშია და ეს უნდა იყოს ერთგვარი სტიმული და პოლიტიკური ბიძგი პოლიტიკოსებისთვის, რომ გარკვეულწილად შეცვალონ მიმართულებები და უფრო აქტიურად ესაუბრონ მოსახლეობას იმაზე, რაც მათ აწუხებთ იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ამახვილებენ ძირითადად ერთ თემაზე ყურადღებას, მაგრამ მოსახლეობას უფრო სხვა რამე აწუხებს. თუმცა აქ ევროკავშირთან ურთიერთობაში ბმაშია ალბათ ეს ეკონომიკური თემებიც.
– ევროკავშირთან ურთიერთობა იმიტომ უნდათ, რომ იციან იქ უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობაა. ისევ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან ძირითადად ევროკავშირთან ურთიერთობაში.
– გარდა უსაფრთხოების ფაქტორისა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან, თუმცა ამ მიმართულებითაც 44%-ს სამწუხაროდ აქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა გაუარესდება, რაც ასევე არაა კარგი მაჩვენებელი. თქვენც აღნიშნეთ, სოსო რომ ეკონომიკისთვის ძალიან რთულია, განვითარებად ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი, როდესაც მომავალს მოსახლეობის უმრავლესობა უყურებს პესიმიზმით.
-ლოგიკურია, ხალხი ხედავს ყველაფერს, რაც ხდება. როდესაც პირდაპირი თავდასხმებია დასავლეთის, ევროკავშირის თუ ამერიკის მიმართ, ხელისუფლების მმართველი თუ ფორმალურად წასული, ან არც წასული წევრებისგან, ეს ვერ დაეხმარება ჩვენს ევროინტეგრაციას. სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ხელისუფლება ღია დაპირისპირებაშია, ლანძღავს და აგინებს ევროკავშირს და მათ წარმომადგენლებს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ვერ იძლევა.