LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სემეკის თავმჯდომარის ანგარიშს ისმენენ

515
ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სემეკის 2022 წლის ანგარიშს აცნობს.

დავით ნარმანიამ თქმით, ანგარიში უმეტესად ადამიანის უფლებების მიმართულებებს შეეხება.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, სემეკი კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი დავების განმხილველი მთავარი სტრუქტურაა. მოსახლეობას სემეკისთვის განცხადებით მიმართვა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია – სადავო საკითხის განხილვა მოქალაქეებისთვის ბაჟისგან თავისუფალია.

ნარმანიას თქმით, 2022 წელს კომისიაში 4128 განაცხადი შევიდა, რომელთა ნაწილი ზედმეტად, ან უსაფუძვლოდ დარიცხულ გადასახადებს ეხება. მოქალაქეებს 1 268 000 ლარზე მეტი ჩამოეწერა, მათ შორის ხანდაზმულობის გამო. ცნობისთვის, სემეკში ხანდაზმულობის ვადა 3 წლით განისაზღვრება.

„სემეკი 2022 წელს აქტიურად მუშაობდა ელექტრონული სერვისების აწყობაზე. ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად იუსტიციის სახლებში მომხმარებელს სემეკისგან 15-ზე მეტი სერვისის გამარტივებულად მიღება შეუძლია. მაგალითისთვის, თუ ადრე მოქალაქე ბინას ან სხვა უძრავ ქონებას ყიდდა ან აქირავებდა, ახალ მცხოვრებს კომპანიებში ცალ-ცალკე მისვლა უწევდა კომუნალური სერვისების, ანუ აბონენტის გადმოსაფორმებლად. ეს ყველაფერი იუსტიციის სახლს მიება და ოპერატორები, რომლებიც ახალ მეპატრონეზე უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებენ, სამივე კომუნალური სერვისის მონაცემებს საკუთარ ბაზაში ავტომატურად ხედავენ და, შესაბამისად, კომუნალური სერვისების გადაფორმება ადგილზევე ხდება“, – აღნიშნა ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, თუ მოქალაქე იუსტიციის სახლში იმყოფება, ან იუსტიციის სახლის ელექტრონული სერვისებით სარგებლობს, მას ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ელექტრონულად მიღება შეუძლია. მაგალითად, ცნობა არსებული დავალიანების შესახებ და სხვა.

სემეკი, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებს არეგულირებს და რეგულირების ფარგლებში სატარიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და მომხმარებელთა უფლებებს იცავს.

magti 5g