„მოიფიქრეს ერთი: შეიკეროს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დაუკავშირებენ ალექსანდრე ელისაშვილს. ეს საქმე დაწყებულია 2025 წლის მაისში, საქმე ეხება სასამართლო შენობაში არსებულ არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს“, – ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ადვოკატის სიტყვებით, „ნებისმიერი ხანძარი, რომელიც თბილისში მომხდარა, ახლა გამოძიება ცდილობს, რომ ყველაფერი ალეკო ელისაშვილს დაუკავშიროს“.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი სანდო იურიდიული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტის მცდელობა ჩაიდინა.
ახლა გამოძიება ჩიხშია შესული. ფიქრობენ რა გამოსავალი უნდა მოძებნონ აღნიშნული საქმიდან გამომდინარე და მოიფიქრეს ერთი – შეიკეროს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დაუკავშირებენ ალექსანდრე ელისაშვილს. ეს საქმე დაწყებულია 2025 წლის მაისში. საქმე ეხება სასამართლო შენობაში არსებულ არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს. გუშინ ჩაუტარდა ალექსანდრე ელისაშვილის ოდოროგიული კვლევის ნიმუშის აღება. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ ამით რაღაცა ჯაჭვი შექმნან, რომ არსებობდა რამდენიმე ეპიზოდი მის მიერ რაღაც კონკრეტული ქმედებების განხორციელების. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ცდილობენ, რომ ამით ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.
ერთს დავამატებ, მისთვის ეს ინფორმაცია როცა მიიღო, ღიმილის მომგვრელი იყო. თქვა, რომ „ალბათ, მალე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენო“. ნებისმიერი ხანძარი, რომელიც თბილისში მომხდარა, ახლა გამოძიება ცდილობს, რომ ყველაფერი ალექსანდრე ელისაშვილს დაუკავშიროს“,- თქვა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა.
ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
