LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: „ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი, მის სახლთან 100-მდე საპოლიციო ძალა იყო“

157
გიორგი ჩახუნაშვილი

აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც გასულ ღამეს დააკავეს, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, მარიამ ჯიქიამ განუცხადა.

პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა

უფლებადამცველის თქმით, გიორგი ჩახუნაშვილი თავს მხნედ გრძნობს. ადვოკატის თქმითვე, მისთვის ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულ აკადემიკოსს.

„ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი მოვინახულე წუხელ, 3 საათზე, იქამდე, 2-3 საათის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, მასთან შევსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომელ უწყებაში ჰყავდათ ის.

გვიზღუდავდნენ უფლებას, ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებას დავსწრებოდით, ის ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. ბატონი გიორგი შემართებით, მხნედაა. ნახავდით ვიდეოსაც, რომელიც გავრცელდა, მის სახლთან, დაახლოებით, 100-მდე საპოლიციო ძალა იყო მობილიზებული, მის სახლში შევიდნენ და ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა, მისთვის დაკავების საფუძვლები ცნობილი არ არის, მას ხელი არ მოუწერია არაფერზე.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მისთვის დასმული კითხვები ეხებოდა ათონელზე მიმდინარე პროცესებს და იმას, რა მოტივაცია ჰქონდა, როცა პროევროპულ აქციებზე დადიოდა. ყოველ შემთხვევაში, ბრალი ამ ეტაპზე წარდგენილი არ აქვს, მაგრამ მოლოდინი აქვს, რადგან ნადირობის სეზონი გამოცხადებულია, ყოველდღე ადამიანებს აკავებენ, შესაბამისად, მასაც ბრალს წაუყენებენ“, – განუცხადა ადვოკატმა მარიამ ჯიქიამ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, აკადემიკოსი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი წუხელ, ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს. არსებული ცნობით, გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფაქტზეა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g