LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას​

255
Untitled design (1)

ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ის ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი იყო.

ნელი დოროყაშვილის მხრიდან მიყენებულ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ტანჯვაზე საუბარია დოკუმენტში, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგებმა მოამზადეს.

ადვოკატ თეონა გვაზავას განცხადებით, ბასილაშვილი დოროყაშვილთან თანაცხოვრებისა და განქორწინების შემდეგაც განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ის აპირებს, რომ ამის შესახებ სასამართლოზე მოწმეებად ფსიქოლოგები დაკითხოს:

„სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეუძლია პირს განახორციელოს ფსიქოლოგიური ტანჯვა, იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი და ამას წლების განმავლობაში განიცდიდა“, – განაცხადა ბასილაშვილის ადვოკატმა.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი და განაცხადა, რომ დოკუმენტის შინაარსს არ ეთანხმებიან:

„აღნიშნული დოკუმენტი აქამდე სასამართლოში წარდგენილი არ იყო, არც ჩვენ ვიცნობთ მის შინაარსს და არც ბრალდების მხარე დღევანდელ დღემდე არ იცნობდა მას. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით მის შინაარსს, ცალსახად და კატეგორიულად გამოვრიცხავთ ამას. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაში არ ჩაუტარდა ექსპერტიზა, განსხვავებით დაზარალებულისგან. კონკრეტულად, რა სტანდარტი არის დაცული, აკმაყოფილებს თუ არა ექსპერტიზისთვის საჭირო საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ამის გამოკვლევა მოხდება დღევანდელ სასამართლო პროცესზე“, – აღნიშნა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა თავხელიძემ.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნელი დოროყაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს იმართება.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

magti 5g