„პესიმისტური მოლოდინი მქონდა, თუმცა მთავარია ის, რაც მოვისმინეთ რამდენიმე წუთის უკან. სასამართლომ გვერდი ვერ აუარა იმ არგუმენტებს, მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს, რომელიც წარვადგინეთ სასამართლოში“, – ამის შესახებ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, დადასტურდა, რომ გიორგი ახობაძე არის მართალი და ის არ ინახავდა ნარკოტიკს.
„ჩვენ მოსამართლეს ბრალის აბსურდულობა ვაჩვენეთ, რასაც თვეების განმავლობაში პროკურატურა ავრცელებდა. დადასტურდა ის, რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს, შესაბამისად ის გამართლდა“, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლის განმარტებით, მან გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო გამოიტანა.