საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, ხვალ გაიმართება კონფერენცია “უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგი და უსაფრთხო ოპერირება საქართველოს საჰაერო სივრცეში” (UAV Monitoring and Safe Operation in Georgia) ხოლო 7 მაისს, 13:00 საათიდან, აეროდრომ „ნატახტარზე“ მოეწყობა უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები. ორ დღიანი ღონისძიების მიზანია, უპილოტო საჰაერო ხომალდების/სისტემების რეგულირებისა და მონიტორინგის აუცილებლობის, ასევე მათი პოტენციალის გამოყენების თაობაზე ცნობიერების ამაღლება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს დრონების მონიტორინგის სისტემის მწარმოებელი წამყვანი პოლონური კომპანია „Drone House Group”, რომელიც მონაწილეებს გააცნობს საკუთარ მიღწევებს და გაუზიარებს ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებას. შეხვედრაზე აგრეთვე იგეგმება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების და ამ სფეროში მოღვაწე კერძო ჯგუფების პრეზენტაციები ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების ირგვლივ.
7 მაისს, აეროდრომ „ნატახტარზე“ ორგანიზებული ღია საჩვენებელი ფრენების ფარგლებში (დასწრება თავისუფალია), კომპანია „Drone House Group” ადგილზე მოაწყობს უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას. სადემონსტრაციო ფრენებში შემდეგი მოდელის დრონები იქნებიან ჩართულნი: DJI INSPIRE I; DJI Phantom III; Trimble UX 5; Bielik.