LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფბა: „მაგთისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების ზრდა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს

50654679_296333461026427_5854068719692546048_n-960x440

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება კომპანია „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ („ჯეოსელი“) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მობილურ მომსახურებაზე, ფიქსირებულ ინტერნეტზე და IP ტელევიზიის შერეულ პაკეტებზე ტარიფების ზრდა იგეგმება. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია და იგი კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპანიები მიზანმიმართულად და დაუსაბუთებლად  ცდილობენ მომსახურების გაძვირებას და შედეგად მნიშვნელოვნად აზარალებენ მომხმარებელს.

მაშინ, როდესაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მთელ მსოფლიოში ტარიფები მცირდება, საქართველოში იგი წლებია იზრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორი კონკურენტი კომპანია ერთდროულად აანონსებს მსგავს მომსახურებებზე ტარიფების ზრდას, რაც შეთანხმებული მოქმედების და კარტელური გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს. მიზეზი, თითქოს ტარიფების ზრდასთან ერთად მომსახურებაც უმჯობესდება აბსურდულია და საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად. ბოლო წლების განმავლობაში მობილურ ოპერატორებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, მათ შორის, 2018 წლიდან მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აქციზი სრულად გაუქმდა. ხარჯების შემცირების კვალდაკვალ, უნდა შემცირებულიყო ტარიფებიც, თუმცა როგორც ვხედავთ, მაღალი მოგების მიღების მიზნით, კომპანიები დაუსაბუთებლად კიდევ უფრო ზრდიან მას.

ასევე, მიუღებელია საბითუმო ინტერნეტზე და IP ტელევიზიაზე ტარიფების ზრდა, ვინაიდან 2018 წლიდან კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტზე ტარიფი გაუნახევრა, ხოლო „სილქნეტი“ თავად ყიდის საბითუმო ინტერნეტს, შესაბამისად ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული ხარჯები.

კომპანიების მსგავს, თავაშვებულ ქმედებას, განაპირობებს ის, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფაქტობრივად ოლიგოპოლიური მდგომარეობაა და „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ მთლიანი ბაზრის, დაახლოებით, 75%–ს აკონტროლებენ. მათ შორის, მობილური ოპერატორების ბაზრის 75%, ინტერნეტბაზრის 78% და IP ტელევიზიის 83%–ი სწორედ აღნიშნულ ორ კომპანიაზე გადანაწილებული“, – აცხადებენ აფბაში.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმაურება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც იგეგმება ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლა. აფბა მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას შეაჩეროს კომპანიების აღნიშნული გადაწყვეტილება და ტარიფებზე დააწესოს ზედა ზღვარი, რათა მომავალში, კომპანიების მხრიდან დაუსაბუთებლად კიდევ არ მოხდეს ფასების ზრდა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკითხის შესასწავლად მიმართოს კონკურენციის საააგენტოს, რათა მოხდეს ბაზრის დეტალური შესწავლა და გამოირიცხოს ყოველგვარი შეთანხმებისა და კარტელური გარიგების საფრთხე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მოწოდება კომპანიებისადმი ტარიფების ზრდის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია, რადგან ბაზარზე არსებული სიტუაციის კონტროლი სრულად ევალება მარეგულირებელ კომისიას. კარგია, რომ კომპანიების განცხადებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა მარეგულირებლის მხრიდან, თუმცა აუცილებელია, რომ აღნიშნული მოწოდებას მოჰყვეს შესაბამისი რეაგირებაც, ვინაიდან ამ ეტაპზე ფასების ზრდის არანაირი მიზეზი არ არსებობს და კომპანიების გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმებული მოქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ მობილურ მომსახურებაზე გაზრდილ ტარიფებზე, არამედ ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებების შემთხვევაშიც.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებელს და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ეფექტური და გამართული მუშაობის გარეშე, მომხმარებელი სრულიად დაუცველია კომპანიების მაღალი ტარიფების წინაშე“ , – აცხადებენ აფბაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g