LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფბა: საქართველოს საშუალება ეძლევა თურქეთის კურორტები ჩაანაცვლოს

96

საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივაა შვი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც შეუძლია თურქეთის კურორტები მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლოს, რის გამოც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი – ეს განცხადება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ორგანიზაციის ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის თქმით, ტურიზმის მიმართულებით, მეორე და შემდგომი კვარტლების მონაცემები უფრო ოპტიმისტურია.

„პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ მეორე კვარტალი ემთხვევა საკურორტო სეზონს, რომელიც ყოველთვის უფრო მეტად აქტიურია. თურქეთში არსებულმა დაძაბულმა და არასტაბილურმა ვითარებამ, საქართველოში ტურისტების შემოდინება უნდა განაპირობოს, როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდანაც. სხვადასხვა ტურ-ოპერატორებმა უკვე თითქმის 40%-ით შეამცირეს საგზურების ღირებულება, ამ მიმართულებით, თუმცა ამანაც ვერ იმუშავა და ტურისტებმა უკვე დაჯავშნული საგზურებიც კი გააუქმეს. ამ ფონზე, საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივაა შვი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც შეუძლია თურქეთის კურორტები მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლოს”, – განაცხადა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ტურისტების რაოდენობამ ზრდის ტემპი შენარჩუნდეს, აუცილებელია, საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩინება და ქვეყნის ცნობადობის გაზრდა.

”ამ მიმართულებით, დადებითად იმუშავა ტურიზმის ადმინისტრაციის ისეთმა პიარ კამპანიებმა, როგორებიც იყო საიმიჯო ვიდეორგოლების  გაშვება მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებში და ევროპელი ჟურნალისტების მოწვევა ქართული კურორტების გასაცნობად. ცნობადობის გაზრდის კუთხით ასევე აღსანიშნავია „ჩექინ ჯორჯიას“ პროექტი რომლის ფარგლებშიც საქართველოს არაერთი ვიზიტორი ეწვია. თუმცა არის ისეთი გამოწვევები რომელიც დღემდე მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული ტურიზმისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც წინაშეც ქართული ტურისტული სექტორია, არის საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი სასტუმროების მცირე რაოდენობა და მომსახურების დაბალი ხარისხი. დღეისათვის საქართველოში ორიენტაცია კეთდება ბიზნეს კლასისა და საოჯახო ტიპის სასტუმროებზე. მაშინ როდესაც ევროპულ კურორტებზე, პირიქით ორიენტირი კეთდება საშუალო დონის სასტუმროებზე. ხარიხის გაუმჯობესების კუთხით აუცილებელია პერსონალის გადამზადება სხვადასხვა დაწესებულებებსა და ობიექტებში. ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ და სახელმწიფომ ისე კერძო სექტორმა და ბიზნესმა”, – განმარტა ”აფბას” ანალიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2,636,313 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g