აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების მიზნით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტები სამედიცინო ანთროპოლოგიის დარგში 19 ივნისიდან სექტემბრამდე 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე იმუშავებენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ( წჯსკ) ინფორმაციით,გადაწყვეტილება გათხრების დაწყების შესახებ მიიღეს 2010 წელს კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. მექანიზმი აფხაზი და ქართველი მონაწილეებისგან შედგება და მისი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულია – პასუხი გაეცეს გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს, გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მრავალი წელია გასული.
2010 წლიდან, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 430-მდე ადამიანის ნეშტი მოიძიეს, აქედან 163 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და გადაეცა ოჯახებს. სხვა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.