გიორგი გახარიამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დავალებები მისცა. საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ „დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით – პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე – ეკონომიკა“. როგორც გახარია ამბობს, სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.
„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზირულ პერიოდში”,- აღნიშნა პრემიერმა…
რაც შეეხება ეკონომიკურ პროგრამებს, ამ ჭრილში, გიორგი გახარიას თქმით, ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.
„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.