„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, აგარის ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, დღეს შედგა შეხვედრა აგარის ქარხნის ხელმძღვანელობასთან, რომელზეც, ამ ეტაპზე, კომპანიის მხრიდანაც დაისვა რამდენიმე საკითხი, თუ რა სჭირდება მუშაობის გასაგრძელებლად და გარკვეული საკითხები სამინისტრომ გაიზიარა.
მისივე თქმით, ეს საკითხები ამჟამად შეჯერების ეტაპზეა, თუმცა მზაობა და სურვილი იმისა, რომ აგარის ქარხანამ მუშაობა განაგრძოს, არსებობს.
„ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ საკითხს და ვსაუბრობთ სხვადასხვა მხარესთან, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ის პრობლემა, რომელიც გაწუხებთ – საწარმოს მუშაობის განახლება, მოგვარდეს. ჩემი მოადგილე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები 18 აპრილსაც იყვნენ ჩამოსულნი თქვენთან, სადაც გითხრეს, რომ დღეს გაიმართებოდა შეხვედრა ქარხნის მფლობელთან, რომელიც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და დაიწყებოდა განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქარხანამ მუშაობა განაგრძოს. დღეს ეს შეხვედრა შედგა და დაისვა საკითხები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან კომპანიამ იმისთვის, რომ არამომგებიანობის თემა მოიხსნას და საწარმომ მუშაობა განაგრძოს. დღეს შეხვედრა ამ წინადადებების გაზიარებით დასრულდა. მომავალი კვირის დასაწყისამდე გარკვეული საკითხები დაზუსტდება, მათ შორის რა პერიოდით შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით, თუ ამ საკითხების შეჯერება და გაზიარება მოხდა, სადღაც 2-თვიანი ჩარჩოა იმისთვის, რომ საწარმომ მუშაობა დაიწყოს. ეს სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩვენი სამსახური ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული, როგორც კომპანიასთან, ისე ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის კუთხით, რათა მაქსიმალურად მოხდეს იმ საკითხების გაზიარება, რაც კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკების ასოციაციასთან მოლაპარაკებების შედეგად, შედგა შეთანხმება იმ ადამიანებისთვის სესხების მომსახურების 6 თვით გადავადების შესახებ, რომლებსაც ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული.
„კომპანიისგან ჩვენ მივიღეთ 80-კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ბანკებში გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ. ბანკების ასოციაციასთან გვქონდა კომუნიკაცია და არსებობს ყველანაირი მზაობა, რომ ამ ადამიანებს სესხის მომსახურება 6 თვით გადაუვადდეთ. ამ თემაზე ბანკები თოთოეულ ადამიანს ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.