აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, სოზარ სუბარი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, „მიუხედავად მცდელობისა და დასავლეთის დახმარებისა, სტრასბურგის სასამართლო არის სასამართლო, რომელსაც ნდობის ყველაზე მაღალი სტატუსი აქვს”.
„აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების. სტრასბურგს არ სჯერა იმ ფეიკ-რეზოლუციების, რომლებსაც ევროპარლამენტარები იღებენ და არა მხოლოდ ევროპარლამენტარები. გიული ალასანიამაც პირდაპირ თქვა, არ მეგონა, ამდენი რომ ვიშრომეთ, ამდენი განცხადება რომ გაკეთდა, ამას სტრასბურგი არ გაითვალისწინებსო.
რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯო ფეიკ-კამპანიებში, რამდენი პოლიტიკური დახმარებაც არ უნდა გქონდეს დასავლეთიდან, სასამართლო არის სასამართლო და სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოში დღემდე შენარჩუნებული აქვს ნდობის ყველაზე მაღალი სტატუსი“, – განაცხადა სუბარმა „იმედის” ეთერში.