„აღვირახსნილი ხელისუფლება ხომ აღვირახსნილად ჩაატარებს არჩევნებს? ვამბობ, გზა არის ქუჩაში“, – ამის შესახებ თამარ ჩარკვიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი გადაცემაში „დღის თემა“ ირაკლი ბერაიას მიერ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს გამოეხმაურა და თქვა, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
„მიმდინარეობდა წარმოუდგენლად აღვირახსნილი შეურაცხყოფა ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას მისამართით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ბერაიამ ბოდიში მხოლოდ იმიტომ მოიხადა, რომ არ დატოვოს თანამდებობა. ემოცია გვიკვირს ქართველებს? შემხებლობა არ აქვს ემოციურობას გაუწონასწორებლობასთან“ – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
დეპუტატმა პირდაპირ ეთერში ოპოზიციასაც მიმართა და თქვა, რომ გზა ქუჩის აქციებშია.
„კიდევ ერთხელ მივმართავ ოპოზიციას. როდემდე ვეძახოთ ხელისუფლებას, რომ არიან რუსეთზე მომუშავეები და აღვირახსნილები? ვამბობ, რომ გზა რუსთაველზეა“. – განაცხადა ჩარკვიანმა გადაცემაში „დღის თემა“.