„როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია, მეორე ნაწილში ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო, მინდა, ბოდიში მოვიხადო,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და მძიმეა, როცა ჩვენს გუნდს, მე პირადად გვდებენ ბრალს უსამართლოდ, უაპელაციოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში, მით უმეტეს, სისტემური ხასიათი აქვს ამას.
ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც არასდროს შევეგუებით, რადგან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.
როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ისახავდა მიზნად, მეორე ნაწილში გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო გადაჭარბებული თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო. სხვა კომენტარის გაკეთებას ამაზე არ ვაპირებ, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია,“ – განაცხადა ბერაიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.