დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა
მამუკა მდინარაძის თქმით, „მისი თანაგუნდელების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოსაწონი არ იყო“.
„მოდით, ვთქვათ სიმართლე და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება ეთიკის რაღაც ნორმები ირღვევა და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ.
მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები, ემოციური ფონი როცა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ. ნუ მიიღებთ ისეთ პოზიციად, რომ ვინმე ამართლებთ, პირიქით. ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების და თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი.
ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და, მათ შორის, ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა, თუმცა გამართლება არ არის“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა. ირაკლი ბერაიას განცხადებას, თეონა აქუბარდია მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.