ნიკა მელიას საკანში რამდენიმე წიგნი შეუგზავნეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავა ამბობს, რომ მან კარგად იცის, რომ მხატვრული ლიტერატურა ციხეში ყველაზე კარგად იკითხება და იქვე დასძინა, რომ მელიას ციხეში ბევრი წიგნის წაკითხვა არ მოუწევს და მალე გათავისუფლდება.
„ერთი წიგნია ლაშა ბუღაძის „პატარა ქვეყანა“. თვითონ ლაშას ნაჩუქარია. კიდევ რამდენიმე ისტორიული მონოგრაფია უახლოეს ისტორიაზე და სხვა წიგნები შევუგზავნე.
მხატვრული ლიტერატურა ციხეში ყველაზე კარგად იკითხება. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვიცალე, რომ კარგად გადამეწყო და იმედი მაქვს, ბევრი წიგნი არც დასჭირდება, იმიტომ, რომ მალე გამოვა. მაგრამ ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
ასევე, შევუგზავნე ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე“. სქელტანიანი წიგნია და ადამიანს გარეთ როცა არ სცალია, ასეთი „აგურებივით წიგნები“ ციხეში კარგად იკითხება“, – თქვა უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რა წიგნები გაუგზავნეს ნიკა მელიას საპატიმროში.
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერველს დააკავეს.