პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთად გადარჩენის დრო დადგა. მისი თქმით, ახლა არ არის “ქილიკის დრო”, ვინაიდან შექმნილი გარემო რთულია. რატიანი მიმართავს მათ, ვინც საქართველოში ვირუსის სამკურნალო პროტოკოლის ეფექტურ მოქმედებაზე ეჭვი შეიტანეს და აცხადებს, რომ ვისაც სურვილი ექნება, შეუძლიათ მიბრძანდნენ და იმუშაონ “სასიკვდილო სივრცეში.” ლევან რატიანმა ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენ სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ანუ ეს გახდა გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება ამასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს: ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ, არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დარიგების და ასე შემდეგ დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო, კლინიკა, აი ბატონო, სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია” – განაცხადა ლევან რატიანმა.
კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაითვალისწინებს და მიიღებს რჩევებს, თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება. ის ასევე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები ვირუსთან ბრძოლაში, სამაგალითოა.
“რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან… „ჭკუას მოუხმონ“, თუ რაიმე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ. ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები რომ გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს. მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს. ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია ინფიცირების დაბალი დონე, დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.