LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აია ნაპა პოპულარული და ბიუჯეტური მიმართულება მოგზაურობისთვის

658
cover

კვიპროსი – სახელმწიფო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. უძველესი ისტორია, ზომიერი კლიმატი, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო და პლაჟებისა და გასართობი ადგილების სიმრავლე მას ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად აქცევს დასვენებისთვის. განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობისთვის,რადგან ამ ქვეყანაში გამგზავრებისთვის დაბალბიუჯეტიანი სულ რაღაც  ორსაათიანი ფრენაა საჭირო.  კვიპროსი იდეალურია მათთვის, ვინც სამოგზაუროდ მდიდარი კულტურის მქონე ადგილებს ეძებს. იქ ბევრ საინტერესო ძეგლსა და ნამოსახლარს აღმოაჩენთ. გამორჩეულ ლოკაციებს შორისაა ლარნაკა და აია ნაპა. ბონ ვოაიჟი ამ უკანასკნელის მოსანახულებლად გეპატიჟებათ.

თეთრი ქვიშითა და კრისტალურად სუფთა, ფირუზისფერი წყალი ზაფხულის მოყვარულების მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს. აია ნაპა სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „წმინდა ტყე,“რადგან ეს ადგილი ერთ დროს მართლაც ტყით იყო დაფარული.  ქალაქზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი ნადირობის დროს აღმოაჩინეს. 1100 წელს აქ ქალწული მარიამის სახელობის ვენეციური მონასტერი ააშენეს, რომელსაც შემდგომში აია ნაპა ეწოდა. 1790 წლამდე მონასტრის მიმდებარედ არავინ ცხოვრობდა, რადგან აკრძალული იყო. ახლა კი ეს ადგილი ქალაქის ცენტრია.

თანამედროვე კურორტი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით და უამრავი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების მასპინძელიცაა. პანდემიამდე ყოველ წელს კურორტი მილიონამდე ტურისტს მასპინძლობდა. კლუბური გართობისთვის აია ნაპა ასევე მიმზიდველი ადგილია. Nissi Beach კი, „ინსტაგრამერების“ დამსახურებით, მსოფლიოს 3 ყველაზე პოპულარულ პლაჟებს შორის მოხვდა.

ქალაქში ბევრია ისტორიული და საინტერესო სანახაობებიც,მათ შორის  მონასტრები,მუზეუმები და ქანდაკებათა პარკი, რომელშიც ასობით სკულპტურაა გაერთიანებული.

კურორტი მიმზიდველია ფასებითაც რადგან იქ საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად შეგიძლიათ დაგეგმოთ დასვენება.  ეს ადგილი ერთნაირად იზიდავს როგორც ოჯახის წევრებთან ერთად დასვენების მსურველებს, ისე ღამის ცხოვრებისა და გართობის მოყვარულებს.

სასტუმროების დიდი არჩევანი საშუალებას მოგცემთ სასურველ ფასად შესაბამისი დონის დასარჩენი ადგილი შეარჩიოთ. ასე რომ პირველ რიგში მშვიდობას და შემდეგ ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.