ალბერტ აინშტაინის ვიოლინო აუქციონზე 860 ათას ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
Zunterer-ის ბრენდის ინსტრუმენტი, რომელიც 1894 წელსაა დამზადებული, ცნობილი მეცნიერის პირველ ინსტრუმენტად ითვლებოდა და აუქციონის სახლის წარმომადგენლები მის 300 ათას ფუნტად გაყიდვას ვარაუდობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო ფასს დაემატება საკომისიო გადასახადი, რომელიც 26.4%-ს შეადგენს და შესაბამისად, ღირებულება მილიონ ფუნტს გადააჭარბებს.
ეს კი ორგანიზატორთა შეფასებით აქამდე გაყიდულ არა მუსიკოსთა ვიოლინოებს შორის რეკორდულია. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა ინსტრუმენტს, რომლითაც სავარაუდოდ, „ტიტანიკზე“ უკრავდნენ.
აუქციონი Dominic winter Auctioneers-მა ჩაატარა და ვიოლინოს გარდა ლოტებს შორის იყო აინშტაინის ფილოსოფიური წიგნი, რომელიც გენიოსს მეგობარმა უსახსოვრა. წიგნში უცნობმა კოლექციონერმა 2 200 ფუნტი გადაიხადა.