LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ათვლის წერტილი ბათუმის ჯაზფესტივალისთვის და 28 ივლისის გახსნა – ლეგენდარული Soul Train და 70-80-იანების ჰიტები

3719
fot

მელომანებმა საქართველოში საუკეთესოდ ვიცით ერთი რამ – თარიღის მონიშვნა. აპრილში – თბილისის ჯაზფესტივალის თარიღებს ვნიშნავთ კალენდარზე, ივლისის ბოლოს კი ბათუმის ჯაზფესტივალის ჯერია… უკვე მერამდენე წელია, “ისთერნ ფრომოუშენსი” გეგმავს, რამდენად საინტერესო მუსიკალური წელი იქნება მუსიკის მოყვარულებისთვის და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი.

ბათუმში წელს ასეთი თარიღები 28-30 ივლისია, დღეები, როდესაც ცეკვისთვის და საყვარელი მუსიკოსების მოსმენისთვის ერთნაირად ვართ განწყობილები.

ასეთია ბათუმის ჯაზფესტივალი, რომელსაც აქამდე ვერც წვიმა უშლიდა ხელს დაუვიწყარი კონცერტების ჩასატარებლად, თუმცა ამიერიდან ახალ სივრცეში ახალ სიცოცხლეს და ათვლის ახალ წერტილს იწყებს – Stage 17 ის ლოკაციაა, სადაც ბათუმის ჯაზფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება. გადახურული და კეთილმოწყობილი ადგილი გარანტირებულად მოგცემთ საშუალებას, რომ წვიმის ვერც ერთმა წვეთმა ვერ გაგიფუჭოთ წინასწარ შექმნილი ამაღელვებელი განწყობა…

28 ივლისს ჯაზფესტივალის გახსნაზე მიმავალმა ქალბატონებმა წინასწარ ვიცოდით, რომ მართალია, დრესკოდი არავის დაუწესებია, მაგრამ სასურველი იყო, თუ დაბალძირიან ფეხსაცმელს მოვირგებდით, რადგან ასე ბევრად კომფორტულად ვიგრძნობდით თავს J J Flueck-ის პროექტის Soul Train-ის კონცერტზე.

 

თუკი ის პოპულარული მუსიკა უყვარს, რომელსაც ფერადკანიანი მუსიკოსები ქმნიან, Soul Train მის საწყისებთან გვაბრუნებს. 1971 წლის 2 ოქტომბერს ეთერში გავიდა შოუ, სახელწოდებით Soul Train, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა, რადგან მსგავსი ტელეშოუ არ არსებობდა – ის საცეკვაო კლუბების ზუსტი ასლის შექმნას ისახავდა მიზნად, მთავარი მიზანი კი სულ სხვა იყო – Soul Train უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც ნაციონალური და უმთავრესი პლატფორმა იმისთვის, რომ შავკანიან მუსიკოსებს თავიანთი შემოქმედება სააშკარაოზე გამოეტანათ. შოუში პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად მონაწილეობდნენ არაპროფესიონალებიც, ცნობილი გახდა ე.წ. Soul Train-ის ხაზი, რაც იმას გულისხმობდა, რომ მოცეკვავეებო ერთ რიგში დგებოდნენ კამერის წინ და ასე აგრძელებდნენ ცეკვას… დღეს შოუს ახალი მფლობელი ჰყავს, ოფიციალურად არასდროს გაუქმებულა და მიუხედავად იმისა, რომ ეთერში დიდი ხანია აღარ არის, ყოველთვის არსებობს შანსი მისი დაბრუნების.

 

 

ვისაც Soul Train-ის ნოსტალგია აწუხებს, გუშინდელი საღამო მისთვის ზედგამოჭრილი იყო. პროექტის ფარგლებში სოლისტმა და ბენდმა შეასრულეს ყველა ის კომპოზიცია, რომელიც 70-იანებსა და 80-იანებში ყველგან ჟღერდა და მათი შემსრულებლებისთვის არნახული პოპულარობა მოჰქონდა – მარვინ გეი, სტივ უანდერი, კურტის მეიფილდი, Jackson 5 და სხვა ცნობილი შემსრულებლები გაცოცხლდნენ ბათუმის ჯაზფესტივალის სცენაზე…

 

ბენდის სოლისტმა დარბაზში მყოფ საზოგადოებას სცენიდან ჩააკითხა და მათთან ერთად სწორედ ის ცნობილი ხაზი განასახიერა ცეკვა-ცეკვით, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

Soul Train ერთადერთი გამომსვლელი არ ყოფილა გახსნაზე – მანამდე ბათუმის ჯაზფესტივალზე ქართული ჯგუფი Betford Falls წარდგა…

დღეს, 29 ივლისს, ფესტივალის კულმინაცია გველოდება – ბასის ნამდვილი მეფე მარკუს მილერი თავის ოსტატობას გვიჩვენებს, ჩვენი ერთადერთი მიზანი კი მისი შემოქმედებით ტკბობაა…

მასალა მოამზადა

ნინო მურღულიამ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g