გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც მას გამოძიებამ წარმოუდგინა, ისევ არასრული იყო.
მისივე თქმით, დღეს „ჰიუნდაის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართა და უახლოეს დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„გავაკეთეთ კონკრეტული შუამდგომლობები, კიდევ მრავალი დარღვევა გამოჩნდა, მრავალი იგნორირება. საუბარი მაქვს რუსთავის და ქვემო ქართლის პოლიციელების გულგრილობაზე საქმესთან მიმართებაში. ვინც დაიკითხება ამას არ გავასაჯაროებ. ჩემი მოთხოვნით ხვალ კონკრეტული რიცხვების ჩანაწერების ჩვენებაც მოხდება. „ჰიუნდაის” წარმომადგენლებთან შეხვედრა ეხებოდა თამარის ავტომობილს. უახლოეს დღეებში მოხდება სათაო ოფისთან კომუნიკაცია და უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება ავტომობილთან დაკავშირებით,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.