LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ თელავში გაიმართა

340
სოლომონ პავლიაშვილი

„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების ამჟამინდელი მდგომარეობა და მათი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხი განიხილეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ახალი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ეკოლოგიურად მაქსიმალურად სუფთა გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი მიმართულებებით, მათ შორის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დასანერგად. აქტიურ თანამშრომლობას ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ძველი ნაგავსაყრელების ახალი, თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლებას. ახალი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა არსებული გამოწვევები, რასაც დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით გავუმკლავდებით“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევისთვის მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში აქტიურად არის ჩართული რეგიონული განვითარების სამინისტრო. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, თანამედროვე ნარჩენების განთავსების ობიექტების ოპერირება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, მიხეილ გოგოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის მიზანი, წარმოქმნილი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვაა, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

„აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისთვის შესაბამისი მდებარეობის შერჩევის კუთხით. ჩვენი მიზანია, წამოქმნილი ნარჩენები ვმართოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად. სწორედ ამიტომ, ერთობლივი მუშაობით, ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში შევძლოთ პროექტების განხორციელება, რაც, უპირველესად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

magti 5g